"ეს არის ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმა — გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი" — განაცხადეს აქციაზე და მოითხოვეს, ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს შეასრულებს ზამთრის მოსვლამდე.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად ერთი კვირა მისცეს.

  • თუ მოთხოვნები არ შესრულდება, 3 ივლისიდან მოქალაქეები პარლამენტის წინ შეიკრიბებიან და მათ შესრულებამდე არ დაიშლებიან.

დეტალები: მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში ყველა ქალაქსა და სოფელში ჩავლენ და 3 ივლისს ყველა გაერთიანდება.

  • "იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება, თუ ბიძინა ივანიშვილი პირადად ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ".
  • "ჩვენ ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნის გზა და ერთად ავირჩევთ ამ გზას ოლიგარქის გარეშე".
  • "ქართველი ხალხის ნება არ ემთხვევა ოლიგარქის ნება. დეოლიგარქიზაცია არის მთავარი საკითხი, რის გარეშეც ვერ მოხერხდება საქართველოს ევროინტეგრაცია და ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ".

აქციაზე ამ მოთხოვნების გაჟღერებას ტაშით შეხვდნენ. მოქალაქეები სკანდირებდნენ: "წადი".

რა ხდებოდა მანამდე: ევროკომისიის რეკომენდაციის და ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ, 20 ივნისს მოქალაქეები ევროპული არჩევანის დასაფიქსირებლად რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ.

  • აქციაზე ჩვენი დათვლით, დაახლოებით, 100 000 დემონსტრანტი იყო.
  • ამ დღეს აქტივისტებმა მანიფესტი წაიკითხეს და პირობა დადეს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დასავლური კურსის დასაცავად იბროლებენ.