ძალადობრივი ალტ-ინფოს ლიდერები პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ. ზურაბ მახარაძე ამბობს, რომ შსს-ს მათთან პერიოდულად აქვს კითხვები.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სავარაუდოდ, ეს თბილისი პრაიდის კვირეულზე განცხადებებს უკავშირდება — კრემლისტური ჯგუფები დახურულ ღონისძიებებზე მიმსვლელებსაც ემუქრებიან.

  • ამ ეტაპზე უწყება გამოკითხვაზე დამატებით ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრელა და ძალადობრივ ჯგუფებს მოუწოდა, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. უწყებაში ამბობენ, რომ პრაიდკვირეულის ღონისძიებებს დაიცავენ.

  • "პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება".
  • მათივე განცხადებით, კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, იმართება შეხვედრები გაეროს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და Tbilisi Pride-ს მონაწილეობით.

Tbilisi Pride ითხოვს, მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს კვირეულის ღონისძიებებს, თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ პრემიერმინისტრი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში სდებს ბრალს და მათ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებას ცდილობს.

  • Tbilisi Pride ასევე ითხოვს, დასაჯონ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები, რომლებიც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ საქმიანობას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს შსს-ს, თავიდან აირიდოს 2021 წელს დაშვებული შეცდომები. მოუწოდებს:

  • უზრუნველყოს თბილისი პრაიდის აქტივისტთა უსაფრთხოება;
  • დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან;
  • ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.