საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიის საქონლით დატვირთული გემი შევიდა, თუმცა საბაჟომ ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გასცა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სანქცირებულ რუსულ ტვირთზე ინფორმაცია მთავარმა არხმა გაავრცელა. მედია წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ გემი რუსული სანქცირებული კომპანიის როსნეფტის, 30 000 ტონამდე ვაკუუმ გაზოილით არის დატვირთული.

  • მათივე ინფორმაციით, ქართული მხარე ცდილობს, ტვირთს წარმომავლობა შეუცვალოს და ევროპაში ისე გაააგზავნოს.
  • გამოცემა ბათუმელები ცნობით, რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი ბათუმის პორტში 2 დღეა დგას.

დეტალები: უკრაინის რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება.

  • მისი თქმით, დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ჩნდება ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ამას ადასტურებს.
  • "საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება".

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება, ეხებოდეს სანქციებს, ხდება არასწორი ინტერპრეტირების საგანი.

  • მისი თქმით, გემი სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, კონტრაქტით და შესაბამისად, მისგან მიღებული ტვირთით შემოვიდა.
  • "საბაჟო ორგანოებს არ გაუციათ არანაირი თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე".
  • ტვირთგადამზიდავი, პორტი და ტვირთმფლობელი კერძო სუბიექტებია და შესაბამისად საბაჟოს თანხმობის გარეშე, სურვილის მიუხედავად, ტვირთი ვერ მოხვდება საქართველოში.