ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ განაცხადა. მისი თქმით, თურქეთმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამმა ქვეყანამ ერთობლივ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, NATO-ში გასაწევრიანებლად კი ყველა წევრის თანხმობაა საჭირო.

კონტექსტი: შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღეს.

  • ქვეყნების ლიდერები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ამ ნაბიჯმა ევროპის უსაფრთხოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა.

დეტალები: დღეს NATO-ს სამიტის დაწყებამდე თურქეთის ლიდერი ფინეთის, შვედეთის ლიდერებსა და ალიანსის გენერალურ მდივანს შეხვდა.

  • შეხვედრის შემდეგ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათ პროგრესს მიაღწიეს.

რა ხდებოდა მანამდე: 16 მაისს ერდოღანი შვედეთ-ფინეთთან მოლაპარაკებებსაც გამორიცხავდა და ამბობდა, რომ ლიდერებმა თურქეთის გადარწმუნებით "თავი არ უნდა დაიღალონ".

  • ერდოღანი ამბობდა, რომ სკანდინავიური ქვეყნები "ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის სახლია".
  • 24 მაისს თურქეთმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თანხმობისთვის საჭირო პირობებიც დაასახელა.