პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მათეულ გეგმაზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკომისიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ასოცირებული ტრიოს ორ ქვეყანას მიანიჭა, საქართველოს კი 12 პირობა და ამ პირობების შესასრულებლად 6-თვიანი ვადა მისცა.

  • სამოქალაქო საზოგადოება ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაგომას და ეროვნული თანხმობით მთავრობის შექმნას ითხოვს.

დეპოლარიზაცია: მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციის გაჟღერების შემდეგ მმართველი გუნდის რიტორიკამ პოლარიზაცია უფრო გააღრმავა, ახლა ამბობენ, რომ პარლამენტში პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფს შექმნიან.

  • ჯგუფში იქნებიან საპარლამენტო პარტიები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები, შემადგენლობა დაზუსტდება კონსულტაციის საფუძველზე.
  • ის განახორციელებს პერმანენტულ მონიტორინგს და წარადგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ.
  • "დეპოლარიზაციის კოორდინაციას უზრუნველყოფს პარლამენტის თავმჯდომარე".

სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება: მართველი პარტიის გეგმით, ამ რეკომენდაციის შესასრულებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან იგივე წარმომადგენლობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი.

  • ის უზრუნველყოფს საპარლამენტო ზედამხედველობის სფეროში პარლამენტის რეგლამენტის აღსრულების შეფასებას და მოამზადებს ინიციატივას გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.
  • კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს წარედგინება 21 სექტემბრამდე და უნდა მიიღონ პირველ ნოემბრამდე.

საარჩევნო კანონმდებლობა: ამ შემთხვევაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება საარჩევნო კოდექსის რევიზიის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც დამატებით შევლენ ცესკოს და სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენლებიც.

  • პარტიის მტკიცებით, მომზადდება ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელშიც "სათანადოდ" იქნება ასახული ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
  • კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება 21 სექტემბრამდე და მიიღება 13 დეკემბრამდე
  • მეორე მოსმენით მიღებამდე კანონპროექტი დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს.

სასამართლო რეფორმა: კობახიძის თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი "უახლოეს დღეებში აქტიურად განაახლებს მუშაობას".

  • ჯგუფი სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის "სიღრმისეული ანალიზის" ფონზე მოამზადებს, როგორც რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, ისე კანონპროექტების პაკეტს.
  • სტრატეგია და გეგმა მომზადდება და გამოქვეყნდება პირველ ოქტომბრამდე, რის საფუძველზეც ცვლილებები მომზადდება და პარლამენტს წარედგინება პირველ ნოემბრამდე.
  • კანონპროექტი ინიცირებისთანავე დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, ხოლო განხილვა დაიწყება დასკვნების მიღებისთანავე.

გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება: კონსტიტუციური კანონპროექტი დაინიცირდება პირველ სექტემბრამდე და უნდა მიიღონ 29 ნოემბრამდე.

  • კანონის მიღებას კოორდინაციას გაუწევს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა: შესარჩევ კონკურსს პარლამენტი გამოაცხადებს 30 სექტემბრამდე და კენჭისყრა ჩატარდება 15 ნოემბრამდე.

  • კობახიძის თქმით, საბჭოს წევრთა ასარჩევად საჭიროა პარლამენტის 90 წევრის ხმა, ამიტომ მათი არჩევის უზრუნველყოფა, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობაა.

ანტიკორუფციული ღონისძიებები: იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს ანტიკორუფციული ფუნქციების კონსოლიდაციის კონცეფციას და წინადადებებს სპეციალური საგამოძიებო და პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურების ინსტიტუციური გაძლიერებისთვის.

  • ჯგუფიში იქნებიან ყველა საპარლამენტო პარტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის, პროკურატურის, სუს-ის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
  • კანონპროექტები პარლამენტს წარედგინება 19 ოქტომბრამდე და მიიღება პირველ დეკემბრამდე.

დეოლიგარქიზაცია: ქართული ოცნება ამტკიცებს იმასაც, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე.

  • მასში იქნებიან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
  • კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება 5 ოქტომბრამდე და მიიღება 29 ნოემბრამდე.

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა: ამ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შეიქმნება.

  • მასში იქნებიან წევრები ყველა საპარლამენტო პარტიიდან, პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, სუს-ის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
  • სამუშაო ჯგუფი პირველ ნოემბრამდე მოამზადებს არსებული მდგომარეობის შეფასებას და შეიმუშავებს წინადადებებს ხარვეზების გამოსწორებისა და ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლის გაძლიერებაზე.

ძალადობა, მედიაგარემო და მოწყვლადი ჯგუფები: მმართველი გუნდის მტკიცებით, უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ.

  • კომიტეტი კი ითანამშრომლებს პროკურატურასთან და შსს-სთან.

გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა: პარტიაში ამბობენ, რომ უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და გენდერული თანასწორობის საბჭო საკანონმდებლო წინადადებებზე იმუშავებენ.

  • კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს წარედგინება 5 ოქტომბრამდე, ხოლო მიიღება 15 ნოემბრამდე.

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა: კობახიძის მტკიცებით, შალვა პაპუაშვილი კოორდინაციას გაუწევს ამ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიან ჩართულობას.

  • მისივე თქმით, უზრუნველყოფენ, რომ ჩართულობის ეფექტიანი მექანიზმები შეინარჩუნონ პირობების შესრულების შემდეგაც.

სასამართლოები: იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ქართულ სასამართლოებში პროაქტიულად აისახოს, პარტია აპირებს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების პროცედურების გათვალისწინებით კანონპროექტს მოამზადოს.

  • კომიტეტი კანონპროქტს წარადგენს პირველ სექტემბრამდე, ხოლო პარლამენტი განიხილავს და მიიღებს 18 ოქტომბრამდე.

სახალხო დამცველის არჩევა: უმრავლესობა ოპოზიციას პირველ სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის "ინკლუზიურ პროცედურას".

  • მათი მტკიცებით, ამ პროცედურამ უნდა უზრნველყოს ომბუდსმენის პოზიციაზე ისეთი პირის წარდგენა, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის და, შესაბამისად, მაღალი ლეგიტიმაციით იქნება არჩეული.
  • კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება პირველ დეკემბრამდე.
  • კობახიძის თქმით, ამ შემთხვევაშიც სულ მცირე პარლამენტის 90 წევრის მხარდაჭერაა საჭირო, შესაბამისად ოპოზიციის ჩართულობაც.