სახალხო დამცველი 5 ივლისის ძალადობიდან ერთი წლის თავზე განცხადებას აქვეყნებს. მისი თქმით, ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ერთ-ერთ წინაპირობად სწორედ მოწყვლადი ჯგუფების დაცვა და მოძალადეებისა და ძალადობის ორგანიზატორებისადმი უფრო შედეგიანი მართლმსაჯულების განხორციელებაა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ზუსტად ერთი წლის წინ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა და სასულიერო პირებმა დააორგანიზეს ძალადობა — აქტივისტების ოფისები დაარბიეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალიტს.

  • ამ დროისთვის, დაზარალებულად ცნობილია 53 პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა კი 27 პირის მიმართ დაიწყო.
  • ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.
  • მძიმე დანაშაულის ჩადენიდან ერთი წლის თავზე, დანაშაულის ორგანიზატორები არ დასჯილან და ახალ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობენ.
  • იმ პირებს, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წაყენებული, მინიმალური სანქციები შეეფარდათ.

საკონსტიტუციო სარჩელი: ჰომოფობიურმა, ძალადობრივმა და პრორუსულმა ჯგუფმა, ალტ-ინფომ 2021 წელსვე შექმნეს პარტია. სახალხო დამცველის აპარატმა კი პარტიის აკრძალვაზე კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა.

  • ომბუდსმენი საუბრობს, რომ ძალადობრივი ჯგუფის განცხადებები შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას.
  • "ვინაიდან სახალხო დამცველს არ აქვს ამ საფუძვლით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, სარჩელის პროექტი წარვუდგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის რამდენიმე უფლებამოსილ სუბიექტს და იმედს ვიტოვებთ რომ მათ მიერ მოხდება სამართალწარმოების ინიცირება სასამართლოში".

სახალხო დამცველის სამართლებრივი შეფასებით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ამსახველი, საჯარო ვიდეომასალები თავისუფლად აღწევს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რათა თუნდაც ზურაბ მახარაძის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით.

  • თუმცა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურას არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია.
  • "დევნა არ დაიწყო არც სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ, რომელიც ასობით ადამიანს ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდებდა".

ომბუდსმენი სწავლობს ძალადობაში მონაწილე პირთა მიმართ გამოტანილ რამდენიმე გამამტყუნებელ განაჩენს.

  • მათი თქმით, არაერთხელ მოითხოვეს საჯაროდ საქმის მასალებზე სრულად დაშვება და გაცნობა, თუმცა უშედეგოდ.