ჯონსონმა გაიზიარა პარლამენტის სურვილი, პარტიის ახალი ლიდერისა და შესაბამისად, ახალი პრემიერმინისტრის არჩევის შესახებ. მისი თქმით, ახალი ლიდერის არჩევის პროცესი დღეიდან უნდა დაიწყოს, ხოლო თარიღი მომდევნო კვირას დასახელდეს, რის შემდეგაც ის ოფიციალურად წავა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბრიტანეთის პრემიერმინისტრი გასულ წელს არაერთ სკანდალში გაეხვა.

  • ერთი თვის წინ დეპუტატები მისთვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებდნენ, რასაც გადაურჩა.
  • ჯონსონი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის ფონზე და ომის პერიოდში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვიზიტით ორჯერ ჩავიდა.

ჯერ კიდევ გაზაფხულზე ჯონსონი კრიტიკის ობიექტი Covid-ის კანონის დარღვევის გამო გახდა.

  • პრემიერმინისტრს 2020 წლის ივნისში რეგულაციების დარღვევით დაბადების დღის წვეულების გამართვას ედავებოდნენ.
  • პოლიცია იძიებდა კანონის დარღვევის შემთხვევებს დაუნინგ სტრისა და ვაითჰოლში გამართულ 12 შეკრებაზე.
  • მაშინ ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ჯონსონს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.

ამის შემდეგ, ივნისში დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერმინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადებას კენჭი უყარა.

  • გადაწყვეტილებას 148 მომხრე და 211 წინააღმდეგი ჰყავდა.
  • უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში მას პრემიერმინისტრის თანამდებობის დატოვება მოუწევდა, ამისთვის კი 180 კონსერვატორი დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

ბოლო დღეების განმავლობაში ბრიტანეთში მაღალჩინოსნებმა თანამდებობები ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს.

  • როგორც The Guardian წერს, 50-ზე მეტმა მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა მთელ რიგ სკანდალებზე ჯონსონის არასწორად დამოკიდებულების გამო.

გარდა ამისა, გუშინ ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ ოფიციალური პირების გარეშე, რუს ოლიგარქთან შეხვედრები ჰქონდა.

  • მისი თქმით, ალექსანდრ ლებედევს, რომელიც წარსულში კგბ-ს ოფიცერი იყო, ორჯერ, საგარეო საქმეთა მინისტრობისა და ლონდონის მერობის დროს შეხვდა.

ბორის ჯონსონი პრემიერმინისტრი 2019 წლის 24 ივლისს გახდა.

  • მანამდე, 2016 წლიდან 2018 წლამდე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
  • ჯონსონი იყო ლონდონის მერი ორი ვადით — 2008 წლიდან 2016 წლამდე.