ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში გიორგი ღამბაშიძე კელი დეგნანს თავს ესხმის და საკუთარ "ქართულ ოცნებაზე" საუბრობს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო პერიოდში, აშშ-ის ელჩი როგორც მმართველი პარტიიდან წასულების, ასევე, მოქმედი დეპუტატების კრიტიკის ობიექტი გახდა.

  • 8 ივლისს ყაველაშვილმა დეგნანს წერილი მისწერა და ჰკითხა, რატომ არ ემიჯნება "პროვოკაციებს", მომდევნო დღეს კი გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მას დიპლომატია დაუწუნა.
  • პასუხად, დეგნანმა წერილს ტყუილებითა და კონსპირაციული თეორიებით სავსე უწოდა და აღნიშნა, რომ ბოლომდე ვერ წაიკითხა.

რას წერს ღამბაშიძე: მისი თქმით, სურს საქართველო ევროპული ოჯახის წევრი იყოს, რომელსაც "მითითებებისა და დირექტივების გარედან მიმცემი" და "მჩაგვრელი" არ ეყოლება.

  • "ამ ჩემს ქართულ ოცნებაში არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს, ისე აყენებს მძიმე შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტის წევრს მიშა ყაველაშვილს".
  • "საქართველოს ელჩმა ამერიკაში მსგავსი რამ რომ თქვას კონგრესმენზე ან სენატორზე, არ გახდება ის ელჩი გამოსაწვევი? და პირიქით — აქ არაფერი არ მომხდარა?".

გარდა ამისა, ღამბაშიძე ამბობს, რომ დარწმუნებულია, საქართველო საბჭოთა წარსულში არ დაბრუნდება.

  • საუბრისას მაგალითად ცეკას დავალებები მოჰყავს და ამბობს, რომ "ასეთ დამოკიდებულებას ვერც სხვისგან, თუნდაც მეგობრისგან" ვერ მიიღებენ.
  • ღამბაშიძის თქმით, გარდა ოკუპაციისა და მრავალწლიანი ჩაგვრისა, ეს დირექტივებია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოში რუსეთი არ უყვართ.

მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი ჩამოთვალა, თქვა, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, გამოეყოს მმართველ პარტიას, სადაც "გულსა და სულს ტოვებს".

  • პარტიიდან სხვა წასულების მსგავსად, აღნიშნა ისიც, რომ "ხვალიდან უფრო თავისუფლად ილაპარაკებს მსგავს თემებზე".
  • ასევე, წერს, რომ მმართველი პარტიის წინააღმდეგ წასვლას ნამდვილად არ აპირებს, თუმცა წასულების მსგავსად ფიქრობს, რომ "ღია ტექსტებით" უნდა ისაუბროს.
  • "ალბათ, ყველა ხვდება, რომ ამ გადაწყვეტილების გარეშე ჩვენს გუნდს სერიოზულ უხერხულობას შევუქმნიდი, თუნდაც ამ განცხადებით. რაც მიხეილ ყაველაშვილმა დაწერა, ხალხს აწუხებს ეს კითხვები".

ღამბაშიძე დეგნანს მოუწოდებს, "დაასახელოს თუნდაც ერთი ტყუილი, რაც პარლამენტის წევრის წერილში იყო მითითებული" და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს.

  • "მისი დამოკიდებულება ნამდვილად აზიანებს საქართველოს და ამერიკის ამდენი წლის ნაშენებ მეგობრობას და ურთიერთობას, რაც არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის კარგი არ არის!"
  • მან, სურვილის შემთხვევაში, საკრებულოს სხვა წევრებსაც მოუწოდა, შეუერთდნენ.
  • "თუმცა ისეც არ უნდა ვქნათ, რომ რომელიმე რაიონში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა დაკარგოს, ამით მხოლოდ ქვეყნის მტრების — ნაცების საქმის გაკეთება გამოგვივა".