პროკურატურაში აცხადებენ, რომ სოსო გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გირიფრებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. 15 ივლისს მან პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თვითმმართველობის არჩევნების დროს გაყალბების მტკიცებულებებზე ისაუბრა.

  • მისი თქმით, არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია ყველა შესაბამის ორგანიზაციას, მათ შორის, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას გადასცა.
  • გოგაშვილი მიუთითებს, რომ 2021 წლის შემოდგომაზე მედიასაშუალებებმა არჩევნების გაყალბების ფაქტები ნაწილობრივ გააშუქეს.
  • მისი თქმით, 13 ივლისს, გია გაჩეჩილაძის მიერ გავრცელებული ჟურნალისტებზე სავარაუდო უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერის ნაწილი ერთ-ერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს ასახავდა.
  • გაჩეჩილაძის გავრცელებულ ჩანაწერებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 ივლისს გამოძიება დაიწყო.

დეტალები: უწყებაში ამბობენ, რომ პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

  • მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ გოგაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 5 ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, საიდანაც ორი გაუფორმებელი იყო.
  • უწყების ცნობით, სამი იარაღი გაფორმებული ახლო ნათსავის სახელზე იყო, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.

რა თქვა ადვოკატმა: ჩინჩალაძის განცხადებით, პირველი ეპიზოდი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებაა, ბრალდებაში კი მითითებულია, რომ ეს შეეხება 2015-18 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყოფნის პერიოდს.

  • "2015-18 წლებში სუს-ში მუშაობის დროს ხელი მიუწვდებოდაო მას პერსონალურ მონაცემებზე და ასევე, სახელმწიფო საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტებზე და აღნიშნული დოკუმენტები თითქოს გასაჯაროვდა 2021 წლის თებერვალში", — ამბობს ადვოკატი.
  • ადვოკატის ცნობით, მეორე ეპიზოდი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაა და ესეც 2015-18 წლებს ეხება.
  • მესამე კი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.