ფრაქცია ქართული ოცნება აცხადებს, რომ იმ პროცესში, რომლის მიზანია არა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, არამედ "პოლარიზაციის გაღრმავება და ხსენებული რეკომენდაციების საბოტაჟი", მონაწილეობას არ მიიღებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პარლამენტის რიგგარეშე სესია პრეზიდენტმა საპარლამენტო ოპოზიციის და დამოუკიდებელი დეპუტატების მოთხოვნის შემდეგ მოიწვია.

  • სესიის მოწვევის მიზანი ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე მსჯელობა და შესაბამისი კანონპროექტების მიღებაა.

დეტალები: მმართველი პარტია აცხადებს, რომ რიგგარეშე სესიის დღის წესრიგი არ შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს, რადგან მათი დამუშავება, განხილვა და შეჯერება არ მომხდარა საკომიტეტო მოსმენებზე.

  • "მათგან მხოლოდ ერთი საკითხია პირველი მოსმენით მიღებული, თუმცა ეს საკითხიც არ არის მეორე მოსმენით განხილული საკომიტეტო სხდომაზე. ის საერთოდ არ შედის ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში და ჩვენი ფრაქცია მიმდინარე წელს საერთოდ არ გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი პოზიცია გაცხადებული და ცნობილია".
  • "ოცნება" რიგგარეშე სესიას "რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ, საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებაში უპერსპექტივო პროცესს" უწოდებს.
  • ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ იმ კანონპროექტებს, რომელთა განსახილველადაც ოპოზიციამ რიგგარეშე სესია მოითხოვა, პლენარულ სხდომაზე არ გაიტანენ, რადგან ისინი კომიტეტებს არ განუხილიათ.

გარდა ამისა, "ოცნება" ამბობს,რომ აქტიურად დაიწყეს ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით მუშაობა.

  • მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკითხის განხილვამ 2023 წლისათვის გადაიწია, ამ გეგმაში ცვლილებები არ შევა და როგორც სამუშაო ჯგუფებში, ასევე საკომიტეტო მოსმენების ფორმატში, მოხდება შესაბამისი კანონპროექტების დამუშავება.
  • "აღნიშნული პროცესი, ჩვენ მიერ გაცხადებული ვადების შესაბამისად, 2022 წლის დეკემბრამდე ბოლომდე იქნება მიყვანილი".
  • "მათ შორის, რიგგარეშე სესიის დღისწესრიგში შეტანილი სხვა საკითხებიდან, რომელიც შეეხება სასამართლოს და ანტიკორუფციულ სამსახურს, ორივე მათგანთან დაკავშირებით არსებული სამუშაო ჯგუფების ფარგლებში და დადგენილ ვადებში მოხდება კანონპროექტების მომზადება, დაინიცირება და მიღება".

ქართული ოცნება მოუწოდებს ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს, "პარალელური პროცესების გამოგონებით ნუ გაამართლებენ და ნუ გამოეთიშებიან კომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს".

  • "მიიღონ მონაწილეობა მიმდინარე საპარლამენტო — სამუშაო ჯგუფების და საკომიტეტო საქმიანობაში, რაც, სხვათა შორის, მათი კონსტიტუციური ვალდებულებაცაა".

ოპოზიციას სესიის მოწვევა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე მსჯელობისთვის სურდა — მათ დღის წესრიგში ოთხი განსახილველი საკითხი ჰქონდათ.

  • ხელმომწერების განცხადებით, რიგგარეშე სესია დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და იმის მაჩვენებელი იქნება, რეალურად უნდა თუ არა ხელისუფლებას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება.
  • განცხადებას არ უერთდებოდნენ მოქალაქეები, გირჩი და ევროპელი სოციალისტები.