საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოთხოვნით დაიხურა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალი სამი მუხლით აქვს წაყენებული.

  • მისი თქმით, დაკავება წესების დაცვით არ მომხდარა, განჩინება მხოლოდ ჩხრეკაზე იყო გაცემული და ის ძალადობრივი მეთოდებით აიყვანეს.
  • "ჩემს მიმართ იყო არასათანადო, არაადამიანური მოპყრობა, ჩემი ოჯახის წევრების წამება, არასრულწლოვანი ბავშვების უდიდესი სტრესის ქვეშ ყოფნა [...] მომექცნენ, როგორც უკანასკნელ ტერორისტს", — ამბობს ის.

დეტალები: გოგაშვილის თქმით, მის სახლში ღამის ორ საათზე შეიჭრნენ — მიუხედავად განმარტებისა, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდა, კარების შენგრევას ცდილობდნენ.

  • "ამ დროს ეს კარები ფეთქდება, ესენი შემოდიან. მე კარებს ვაღებ და ვეუბნები არ შემოანგრიონ. ისინი ამოდიან კიბეებზე, გვაკავებენ ორივეს, მეც და ჩემს შვილსაც".
  • "ნიკას ადებენ პლასტმასის ბორკილებს, მეც ანალოგიურად, 5-5 კაცი ზემოდან მუხლებით გვახრჩობს".
  • მისივე თქმით, ცოლსა და ცოლის დას შეურაცხყოფა მიაყენეს და "თმებით ითრიეს".

გოგაშვილი ამბობს, რომ მიწაზე წოლის დროს ხელზე რკინის შეხება იგრძნო.

  • "გამოცდილება მაქვს, უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი ვარ და ვიცი რასაც აკეთებენ, ხელზე მახებენ იარაღს, რომელიც შემდეგ უნდა ჩადონ".
  • "ვერ გეტყვით, ბუნებრივია, რა იარაღია, იმიტომ, რომ ვერ დავინახე. რომ ვიგრძენი რასაც აკეთებენ, ვეცადე, რომ ხელები გამეთავისუფლებინა".
  • "გვერდზე გავიხედე და ვიცანი ვინც ამას აკეთებდა, ეს იყო გიორგი ღამბაშიძე გენინსპექციის დირექტორის მოადგილე".

ვრცლად: გოგაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ჰკითხა, რას აკეთებდა, ღამბაშიძემ ყბაში დაარტყა — თავად შეაგინა, რის შემდეგაც ღამბაშიძემ კიდევ ერთხელ, ამჯერად ფერდში ჩაარტყა.

  • მისი თქმით, ამის შემდეგ ისინი სახლში შევარდნენ და მეორე სართულზე ავიდნენ, მათ კი გოგაშვილის ცოლი აჰყვა, რომელმაც დაინახა რომ სხვადასხვა ადგილზე "ნივთებს ტენიდნენ".
  • "ორი საათიდან, ფაქტობრივად, დაკავებული ვარ, თუმცა ჩემი დაკავება მოხდა 12 საათის შემდეგ. ანუ, იქ კი დამაკავეს მაგრამ 12 საათი უკანონოდ დაკავებული ვიყავი, მხოლოდ ჩხრეკის განჩინება ჰქონდათ".
  • "ორი საათის განმავლობაში ჩემი შვილი ნიკა გოგაშვილი მიწაზე ეგდო და ხელებში სისხლი არ უმოძრავებდა, ხელები ჰქონდა გაშავებული. ვთხოვდი, რომ სასწრაფო გამოეძახათ და 4 საათი არ გამოიძახეს, გვატყუებდნენ".

არქივიდან: დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე გოგაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თვითმმართველობის არჩევნების დროს გაყალბების მტკიცებულებებზე ისაუბრა.

  • წერდა, რომ არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია ყველა შესაბამის ორგანიზაციას, მათ შორის, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას გადასცა.
  • მიუთითებდა, რომ 2021 წლის შემოდგომაზე მედიასაშუალებებმა არჩევნების გაყალბების ფაქტები ნაწილობრივ გააშუქეს.
  • მისი თქმით, 13 ივლისს, გია გაჩეჩილაძის მიერ გავრცელებული ჟურნალისტებზე სავარაუდო უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერის ნაწილი ერთ-ერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს ასახავდა.
  • გაჩეჩილაძის გავრცელებულ ჩანაწერებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 ივლისს გამოძიება დაიწყო.