საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოსა და სამართლიანი არჩევნების განცხადებით, კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც, მაღალი ალბათობით, დასტურდება სახელმწიფო უწყებების საარჩევნო/პარტიული მიზნით გამოყენება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ორგანიზაციების განცხადებით, ამ უწყებების მეშვეობით, სავარაუდოდ, პერსონალური ინფორმაცია გროვდებოდა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ, მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით.

  • გარდა ამისა, მათივე თქმით, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ სხვადასხვა უწყების მეშვეობით მოქალაქეებს წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებითა და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფნენ.

კიდევ რა წერია კვლევაში: ორგანიზაციების განცხადებით, სრული სქემის მასშტაბი იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ამ მეთოდებით არჩევნების პროცესში ჩარევის შედეგად ამომრჩევლის ხმის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მასშტაბურად მობილიზება იყო შესაძლებელი.

  • მათი განმარტებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს, სავარაუდოდ, პირობითი მსჯავრის გაუქმებას და ა.შ. სთავაზობდნენ.
  • ორგანიზაციები პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე აცხადებენ, რომ 2018 წლის არჩევნების პერიოდში იმ პირთა რაოდენობა, ვისაც პირობითი მსჯავრი გაუუქმეს და მართვის ჩამორთმეული უფლება აღუდგინეს, გაიზარდა.
  • განცხადების მიხედვით, ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, არაფორმალური გზით და კანონის გვერდის ავლით ხდებოდა.
  • შედეგად კი სახელმწიფო თანამდებობის პირების და მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფო რესურსის ხარჯზე მოქალაქეთა მასშტაბური მოსყიდვა იკვეთება.

"შემსრულებლები": არასამთავრობოების განცხადებით, დოკუმენტებიდან გამოიკვეთა, რომ მმართველ პარტიასთან ერთად ამ სისტემის შემსრულებლები, მათ შორის, სავარაუდოდ, მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ.

  • მათივე თქმით, მმართველი პარტია, მაღალი ალბათობით, არასაჯარო წყაროებიდანაც აგროვებდა ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების შესახებ და ინტერესდებოდა, თუ რა სახის ზემოქმედება, შეიძლება, მოეხდინა მათზე.
  • ორგანიზაციების ცნობით, ამის მაგალითს მარნეულის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა ნავერიანის სახელით 2018 წელს გაგზავნილი წერილები წარმოადგენს.

პოლიტიკური დახასიათებები: ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2020 წელს შედგენილი დოკუმენტების მიხედვით, მმართველი პარტია, სავარაუდოდ, სუს-თან ერთად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზე პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და საკადრო პოლიტიკის გატარებისას ამ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

  • მათი განმარტებით, დოკუმენტებში საჯარო სკოლების დირექტორების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელების და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების პოლიტიკური დახასიათებები და რეკომენდაციები იყო.

სკოლების დირექტორები: არასამთავრობოების ცნობით, 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინიმუმ 112 სკოლის დირექტორი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დირექტორად აღარ დანიშნა.

  • მათივე განცხადებით, 112 პირიდან მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში 95 დირექტორი იყო შეფასებული, რესურს-ცენტრებს კი 29 გათავისუფლებული დირექტორი ჰყავდა უარყოფითად შეფასებული, პარტია 80, ხოლო სუს-ს 89.
  • მათი განმარტებით, სუს-სა და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც დადასტურების შემთხვევაში უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა.