პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იმ თემებზე ისაუბრა, რაც გახდა ძირითადი საკითხი ხელისუფლებასთან უთანხმოების.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მთავრობამ პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

  • როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ თქვა, პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნასა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას.
  • უთანხმოება გამოიწვია პრეზიდენტის ვიზიტებმაც, რომელიც ხელისუფლების გარეშე დაიგეგმა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ იძულებული გახდა ევროპაში ოფიციალური ვიზიტის ნაცვლად, კერძო ვიზიტით ჩასულიყო. უმრავლესობა კი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა.

  • კონსტიტუციის 78-ე მუხლში (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) წერია — "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად".
  • "როდესაც ყველაფრის აკეთებ იმისთვის, რომ არ მოხდეს ევროინტეგრაცია, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა", — თქვა ზურაბიშვილმა ეთერში.
  • მისივე თქმით, თავად ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, იმისათვის, რომ წინ წაეწია ევროინტეგრაცია.

ელჩების დანიშვნა: ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გახდა წარდგენილი 37 განცხადებიდან 36-ს ხელი მოაწერა, გარდა გაეროში დავით ბაქრაძის წარდგინების განცხადებისა. ბაქრაძე საქართველოს ელჩი იყო აშშ-ში 2016-2022 წლებში.

  • ზურაბიშვილი ამბობს, რომ დავით ბაქრაძის წარდგენა ერთი კვირის წინ, 15 ივლისს მიიღო, საკონსტიტუციო სარჩელი კი სასამართლოში 7 ივნისს შევიდა.
  • პრეზიდენტმა განმარტა, რომ ის გაეროში ბაქრაძის დანიშვნას არ ეთანხმება.
  • "გაიჭედა ბაქრაძეზე. რატომ გაიჭედა ბაქრაძეზე? გეტყვით პირდაპირ: იმიტომ, რომ ჩემი აზრით და ალბათ, თქვენც აღიარებთ, რომ დიპლომატიაში მაქვს რაღაც გამოცდილება და შემიძლია, შევაფასო. ადამიანი, რომელიც იყო 5 წელი ელჩი ამერიკაში, არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის".
  • "არა ვიზიტი მაღალი დონის ორგანიზებული, არა იქით, არა აქეთ. ვერ შევძელი, რომ მიმელოცა ბაიდენისთვის არჩევნები და ვერც კამალა ჰარისისთვის, ქალი ვიცეპრეზიდენტი".

"ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, რომელსაც არ დაუწერია არც ერთი სტატია, არც ერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით არ უნდა იყოს დანიშნული გაეროში, რომელიც არის ჩვენთვის მეორე ასეთივე მნიშვნელოვანი".