თუკი მომხიბვლელი სისხლისმსმელი ურჩხულები მოგენატრათ, ვამპირის დღიურების შემქმნელები თქვენთვის საინტერესო სანახაობას ამზადებენ. ვამპირების აკადემია ამავე სახელწოდების მქონე მსოფლიო ბესტსელერი წიგნების სერიის ეკრანიზაციაა, რომელსაც მაყურებელი შემოდგომაზე იხილავს. სერიალის პირველი ტრეილერი კი სულ ცოტა ხნის წინ, სან-დიეგოს Comic-Con-ზე გამოქვეყნდა.

ვამპირების აკადემიის შემქმნელები ჯული პლეკი და მარგერიტ მაკინტაირი არიან. ორივე მათგანს გასული ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფენტეზი სერიალზე, ვამპირის დღიურებზე, აქვს ნამუშევარი. როგორც ცნობილია, სერიალის პირველწყარო წიგნების სერია პლეკის საყვარელი საგაა.

ვამპირების აკადემია ამერიკელი მწერლის, რიშელ მიდის, ექვსწიგნეული სერიაა, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა მკითხველებს შორის. წიგნები ითარგმნა 35 ენაზე და მსოფლიოში 8 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. ავტორის თქმით, ისტორიის ინსპირაცია სლავური მითოსი გახდა.

რომანებში ისტორია ჩვენს სამყაროში მიმდინარეობს, სადაც ორი ტიპის ვამპირები ცხოვრობენ. ერთი ბოროტი, მკვდარი ვამპირები არიან — სტრიგოიები, მეორენი კი — ცოცხალი მოროიები. ამას გარდა, არსებობენ დამპირები, ნახევრადადამიანები, რომლებიც მოროიების მცველები არიან. წიგნები კი ორი მეგობრის — სამეფო მოროი ვასილისა დრაგომირისა და მისი მცველის, დამპირი როუზ ჰეთეუეის — შესახებაა. ორივე მათგანი ვამპირების აკადემიაში სწავლობს — სასწავლებელში, სადაც ვამპირები ცოდნასა და მაგიას ეუფლებიან.

ფოტო: Peacock

სერიის ქართულ ენაზე თარგმნა გამომცემლობამ წიგნები ბათუმში დაიწყო 2015 წელს. ამ დრომდე თარგმნილია საგის 4 წიგნი.

პირველი ნაწილის მიხედვით რეჟისორმა მარკ უოტერსმა გადაიღო ფილმი, რომელიც 2014 წელს გამოვიდა. მასში მთავარ როლებს ზოი დოიჩი, ლუსი ფრაი და დანილა კოზლოვსკი ასრულებენ. თუმცა, კომერციული წარუმატებლობის გამო, პროექტი აღარ გაგრძელებულა.

ვამპირების აკადემიის სერიალს მაყურებელი 15 სექტემბრიდან იხილავს.