NY Times-ის ინფორმაციით, 75 ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის 160 00-ზე მეტი შემთხვევა. როგორც Reuters წერს, აფრიკაში 5 ადამიანი დაიღუპა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს 2007 წლის შემდეგ მეშვიდე, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.

  • ბოლო კორონავირუსის ეპიდემიამ გამოიწვია, რასაც პანდემია და შეზღუდვები მოყვა.
  • მაიმუნის ყვავილის გავრცელების შემდეგ გაჩნდა ახალი პანდემიის მოლოდინიც.

დეტალები: WHO-ს დირექტორის, ტედროს გებრეიესუსის განმარტებით, მაიმუნის ყვავილის სწრაფად გავრცელების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განგაშის უმაღლესი დონეა, ამიტომაც ამოქმედდა PHEIC.

  • ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის პროტოკოლი.
  • ის შექმნილია კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირების გამოსაწვევად, რათა გამარტივდეს ვაქცინებზე და მკურალობის გზებზე წვდომა და ფინანსების მოძიება.
  • გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს განმარტებით, ტერმინი გულისხმობს, რომ სიტუაცია არის სერიოზული, უჩვეულო ან მოულოდნელი, რაც გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე.

ჯანდაცვის ექსპერტების ნაწილი დადებითად აფასებს ამ პროტოკოლის ამოქმედებას, რომელიც აქამდე მხოლოდ კოროვირუსული პანდემიისა და პოლიომიელიტის წინააღმდეგ გამოიყენეს.

  • გლობალური ჯანდაცვის ზოგიერთმა ექსპერტმა კი გააკრიტიკა, გაუმჭვირვალედ და არათანმიმდევრულად შეაფასა კრიტერიუმები ასეთი გადაუდებელი შემთხვევების გამოცხადებაზე.

გებრეიესუსის განმარტებით, მაიმუნის ყვავილის რისკი გლობალურად ზომიერი იყო, გარდა ევროპისა, სადაც ჯანმო მიიჩნევს, რომ რისკი მაღალია.

  • ევროპის რეგიონს აქვს საერთო შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა — 11 865 და ყველაზე მაღალი ზრდა ბოლო შვიდი დღის განმავლობაში — 2 705.
  • "ჩვენ გვაქვს ეპიდემია, რომელიც სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში გადაცემის ახალი გზების მეშვეობით, რომლის შესახებაც ჩვენ ძალიან ცოტა გვესმის და რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადაუდებელ კრიტერიუმებს".

რა არის მაიმუნის ყვავილი: მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უმეტესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან.

  • აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) განმარტებით, მაიმუნის ყვავილის "ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძირითადად ჰაერწვეოვანი გზით ხდება.
  • რესპირატორული წვეთები, როგორც წესი, რამდენიმე ფუტზე მეტს ვერ გადაადგილდება, ამიტომ ინფიცირებისთვის პირისპირ, ხანგრძლივი კონტაქტია საჭირო".

რა სიმპტომები ახასიათებს: ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, მაიმუნის ყვავილის პირველი სიმპტომებია: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა.

  • NCDC-ის განმარტებით, დაინფიცირებისას კლინიკური გამოვლინება ყვავილით დაინფიცირების მსგავსია, თუმცა მიმდინარეობა ძირითადად მსუბუქია.
  • ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა, ძირითადად 7-14 დღის ფარგლებში გამოვლენით.
  • 5 დღის ფარგლებში იწყებს გამოვლენას გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. სიმპტომების დაწყებიდან 1-3 დღეში იწყება გამონაყარი, საწყის ეტაპზე სახეზე, რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელს სხეულზე, უპირატესად კიდურებზე.
  • დამახასიათებელია გამონაყარი ხელის გულებსა და ფეხის ძირებზე.

არსებობს თუ არა ვაქცინა: ანტივირუსული წამალი tecovirimat (Tpoxx) ნებადართულია ევროპაში, მაიმუნის ყვავილის სამკურნალოდ.

  • გარდა ამისა, არსებობს ვაქცინა Jynneos (იგივე Imvanex და Imvamune), რომელიც დაშვებულია აშშ-სა და ევროპაში, მაიმუნის ყვავილისა და ყვავილის პრევენციისთვის, 18 წლის ზემოთ ადამიანებისთვის.
  • არსებული ინფორმაციით, მათ ვისაც ბავშვობაში ყვავილის აცრა გაკეთებული გვაქვს, მაიმუნის ყვავილის ვირუსის წინააღმდეგ გარკვეული იმუნიტეტი უნდა გვქონდეს.

არქივიდან: მაიმუნის ყვავილი პირველად ადამიანს დაუდასტურდა 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მეცნიერებს ამ პერიოდის მანძილზე შესაძლებლობა ჰქონდათ შეესწავლათ ვირუსის ბუნება.

  • NCDC-ის ინფორმაციით, გამოვლენილია მაიმუნის ყვავილის ორი შტამი: დასავლეთ აფრიკული შტამი, რომელიც ასოცირებულია მსუბუქ კლინიკურ მიმდინარეობასთან და ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ის ფარგლებშია;
  • კონგოს აუზის (ცენტრალური აფრიკა) შტამი, რომელსაც ახასიათებს ადამიანიდან-ადამიანზე გადაცემის მაღალი უნარი, ავადობის გაზრდილი მაჩვენებელი და ლეტალობის მაჩვენებელი 10%-ის ფარგლებში.
  • მაიმუნის ყვავილის ლეტალობის საშუალო მაჩვენებელი 3-6%-ია.

გაიგე მეტი: