ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი აცხადებენ, რომ ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც კელი დეგნანს ღია წერილით მიმართეს, თუმცა არცერთ კითხვაზე პასუხი არ მიუღიათ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პარტიიდან წასვლის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და სოზარ სუბარი ანტიდასავლურ ნარატივებს აჟღერებენ. ისინი უკვე არაერთხელ დაესხნენ თავს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს.

  • 21 ივლისს ნედ პრაისმა თქვა, რომ დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.
  • ამის შემდეგ წასულებმა ნედ პრაისსაც ანტიდასავლური წერილი მისწერეს და ელჩი აკრიტიკეს.

"მეორე ფრონტის გახსნა": ისინი აცხადებენ, რომ აინტერესებდათ, ელჩი ემიჯნებოდა თუ არა "ქართველი რადიკალების, მათი უცხოელი ლობისტებისა და უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლების რიტორიკას" მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით.

  • დეპუტატების თქმით, შეკითხვაზე პასუხის არგაცემით დეგნანმა დაუტოვა ერთადერთი დასკვნის გამოტანის საშუალება, რომ თითქოს, ელჩი "ომის რიტორიკას არათუ არ ემიჯნება, არამედ მისი წახალიხება დეგნანის პრინციპული გადაწყვეტილებაა".
  • მათივე მტკიცებით, ლომჯარიასთან შეხვედრით ქართულ საზოგადოებას ღიად უთხრა, რომ საქართველოს მიერ სანქციების არდაწესებასა და საქართველოში "ბომბების ცეცხლს" შორის უპირატესობას ბომბების ცეცხლს ანიჭებს.

ბაკურიანის შეხვედრა: დეპუტატების თქმით, აინტერესებდათ, ემიჯნებოდა თუ არა ელჩი ამ შეკრებასა და მონაწილეთა მიერ მოგვიანებით დაყენებულ მოთხოვნას ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ.

  • ისინი ამბობენ, რომ ამ კითხვებზე პასუხის არმოსმენას იმის დასტურად აღიქვამენ, რომ ამ შეკრებასაც ქმედითად თანაუგრძნობდა ელჩი და მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნასაც მხარს უჭერდა.

ჩხიკვაძის საკითხი: დეპუტატების თქმით, დაინტერესდნენ ადასტურებდა, თუ არა დეგნანი იმას, რომ საელჩოს თანამშრომელმა მოსამართლეს მისი სახელით მოსთხოვა ანგარიში გვარამიას საქმეზე.

  • მათივე მტკიცებით, სასურველი იყო ელჩისგან ამის უარყოფითი შეფასება მოესმინა საზოგადოებას, თუმცა ასე არ მოხდა, რამაც დეპუტატებს გაუმყარა რწმენა, რომ ინფორმაცია სიმართლეა და სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეშად ჩარევა ელჩს ნორმად უნდა წარმოაჩინოს.
  • ელჩმა ამაზე 21 ივლისს განაცხადა, რომ არავინ არ ცდილობს აშშ-ის საელჩოდან, რომ რაიმე ზეწოლა ან გავლენა მოახდინოს მოსამართლეებზე, ან მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

შეხვდა თუ არა დეგნანი ივანიშვილს: განცხადების მიხედვით, ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას მოჰფენდა ნათელს და ეჭვებს გაფანტავდა.

  • მათივე თქმით, "მათ შორის, გარკვეულწილად მაინც გააქარწყლებდა ეჭვს შვეიცარული ბანკის ქმედებებსა და ომში საქართველოს ჩართვის ინტერესს შორის შესაძლო კავშირის შესახებ".
  • დეპუტატები ივანიშვილს სთხოვენ, რადგან ამერიკის ელჩმა პასუხი არ გასცა მათ დასმულ შეკითხვას, თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა მასსა და დეგნანს შორის 24 თებერვლის შემდეგ, თუ გაიმართა, ვისი ინიციატივით და რა საკითხი განიხილეს.
  • ამაზე 21 ივლისს კელი დეგნანმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა დიდი ხანია არ ჰქონია.

რა დასკვნები გამოიტანეს დეპუტატებმა ელჩის განცხადებებიდან: ისინი იმეორებენ, რომ დეგნანი "არათუ ემიჯნება ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერს და თავად აღვივებს მას".

  • მათივე თქმით, ელჩი თანაუგრძნობს ბაკურიანის "რევოლუციურ" შეკრებას და იზიარებს მთავრობის გადადგომის, ტექნიკური მთავრობის ფორმირების მოთხოვნას.
  • დეპუტატების მტკიცებით, დეგნანი ადასტურებს სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და მეტიც, იწონებს მას.
  • მათი განცხადებით, დეგნანი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ და რა გზავნილიც ექნებოდა ელჩს მისთვის გადასაცემი, რთული გამოსაცნობი არაა.

ქართული ოცნება: ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელოდა "მკაფიო განმარტებას და უარყოფას", რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხრიდან ისეთი ჩარევა, როგერზაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე საუბობს, არ მომხდარა.

  • არჩილ თალაკვაძის თქმით, აშშ-ს წარმომადგენელს საქართველოს ხელისუფლებიდან თავს არავინ დასხმია.