ქართული ოცნების თავმჯდომარემ იმის ნაცვლად, რომ საკუთარი საქციელზე პასუხისმგებლობა აეღო და ბოდიში მოეხადა, კვლავ შეურაცხმყოფელ ტერმინებს იყენებს და ჟურნალისტის დისკრედიტაციას ცდილობს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კობახიძე მთავარი არხის ჟურნალისტს თავს დაესხა — მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენელს დისკრიმინაციული მოტივით პირადი შეურაცხყოფა მიაყენა და მისი დამცირება ზიზღის ენით სცადა.

  • ის ჟურნალისტს ეუბნება, რომ "პირი მოიწმინდოს", რადგან ყველაფრით დაემსგავსა მის "ბელადს", რომელშიც მიხეილ სააკაშვილს გულისხმობს;
  • კობახიძე აქ არ გაჩერებულა და ჟურნალისტს, რომელიც მას დავით არახამიას შესახებ კითხვას უსვამდა, უთხრა, რომ "პოლიტიკის გამო სახე დაკარგა" და მის მიმართ სექსისტური ფრაზები გამოიყენა.

დეტალები: კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა "ისეთი სიბინძურე იკადრა", მთავარიდანაც კი "ბევრი არ იკადრებდა".

  • კვლავ ცდილობს ჟურნალისტის დამცირებას და წერს, რომ მას "ყბა აუკანკალდა" და "პირზე დუჟი მოადგა".
  • "ამის შემხედვარეს "რას დაგამსგავსათ აბელა სეთურმა" იყო პირველი, რაც გაგახსენდებოდა".
  • მან ჟურნალისტი ნაცმოძრაობის აქტივისტად მოიხსენია და თქვა, რომ ეს "პავლიკამოროზოვობას" ნიშნავს.

კობახიძის აზრით, ყველა ვინც, კობახიძის შეურაცხმყოფელი განცხადებების დაგმობას ცდილობდა, "ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან".

  • ჟურნალისტებს ვაჭრები, პატარა ქალები და კაცები უწოდა, რითაც მათი დამცირება სცადა.
  • "მოროზოვებში სალომე ზურაბიშვილიც რომ გამოერია, აღარც ეს არის ვინმესთვის გასაკვირი".
  • აცხადებს, რომ დეპოლარიზაცია "ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან" მორიგებით ვერ მიიღწევა.
  • "დეპოლარიზაცია მხოლოდ დეპავლიკიზაციით არის შესაძლებელი, რასაც 2024 წლამდე მთელ ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ".

კობახიძეს გამართლება, მისი პარტიის წევრებმა სცადეს, მათ შორის, მამუკა მდინარაძემ და გივი მიქანაძემაც.

  • მიქანაძე მსგავსი აგრესიული საქციელის ფონზე მას აქებს, პატრიოტს და გამორჩეულ ლიდერს უწოდებს და ამაყობს კიდეც მისი ხელმძღვანელობით.
  • ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი კი პარტიის თავმჯდომარის შეურაცხმყოფელი ფრაზების მაკრიტიკებლებს "ბნელი სექტის ნაწილად" მოიხსენიებს.

კობახიძის საქციელი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და განაცხადა, რომ " ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს".

  • ამას გმობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც და აღნიშნავს, რომ აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.