ქართული ოცნებიდან წასული დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილმა პრაქტიკულად "ფარდა ახადა ყველაფერს".

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბიძინა ივანიშვილი კელი დეგნანთან შეხვედრაზე მხოლოდ იმას წერს, რომ 21 მარტს, დაახლოებით სამი საათით ისაუბრეს, თუმცა არ აკონკრეტებს რაზე.

  • მნიშვნელოვანია, რომ წერილი ორი ძირითადი თემისგან შედგება — ომში ჩართვის მცდელობა და შვეცარიულ ბანკთან დავა.
  • ხუნდაძის განცხადება ერთგვარი მინიშნებაა, რომ დეგნანისა და ივანიშვილის სასაუბრო თემა ომში ჩართვასთან იქნებოდა დაკავშირებული.

რას ამბობს ხუნდაძე: ის საუბარს ჯერ შეხვედრის მნიშვნელობაზე იწყებს, შემდეგ კი სვამს კითხვას, თუკი ივანიშვილი დათანხმდებოდა, რომ ქვეყანა ჩართულიყო ომში, მაინც იქნებოდა თუ არა ოლიგარქი.

  • მისი თქმით, შეხვედრის ხანგრძლივობას მიანიშნებს იმას, რომ საუბარი მარტივი არ ყოფილა.
  • "ესაც, რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, რომ იყო იმდროისათვის ქვეყნის მთავარ საკითხზე საუბარი, რომელიც ახლაც აქტუალური რჩება, როგორც ბატონი ბიძინა გვეუბნება და ჩვენც პროცესები მიგვანიშნებს, რომ ომის საფრთხეები შემცირებულია, მაგრამ ბოლომდე არ არის ამოწურული".

მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ როცა კელი დეგნანს დაუსვა კითხვა, ომის შემდეგ შეხვდა თუ არა ივანიშვილს, ელჩი "პირდაპირ პასუხს გაექცა".

  • მისივე თქმით, სწორედ ეს აინტერესებდათ, რადგან როცა საუბრობდნენ იმაზე, რომ "რაღაც კულუარებში ხდებოდა რაღაც შეხვედრები და მოთხოვნები".
  • ამის შემდეგ მან საკმაოდ გაურკვევლად, თუმცა კიდევ ერთხელ განავითარა მოსაზრება იმაზე, რომ ელჩი იმ ხალხის უკან დგას, ვინც ომში ჩათრევას ცდილობდა.

კობახიძის თქმით, წერილმა სერიოზული კითხვები გააჩინა, თუმცა სიღრმეებში შესვლა არ უნდათ.

  • "ამ შემთხვევაში, ბევრი რამ არის ნათქვამი ამ წერილით, ბევრი რამ იკითხება ამ წერილიდან, მათ შორის ქვეტექსტებიც ძალიან მკაფიოა", — ამბობს ის, თუმცა არ საუბრობს კონკრეტულად რა ქვეტექსტებს გულისხმობს.