პატიმრობაში მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ამის შესახებ Facebook-ზე წერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე გოგაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თვითმმართველობის არჩევნების დროს გაყალბების მტკიცებულებებზე ისაუბრა, დაკავების შემდეგ კი ხელისუფლების სავარაუდო დანაშაულებებზე საუბრობს.

  • 21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჯაროეს 53-გვერდიანი ანგარიში, რომელიც გოგაშვილის მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მოამზადეს. ფაილების ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა.
  • 26 ივლისს გოგაშვილმა ვრცელი წერილი გაავრცელა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართა. ის წერდა, რომ გომელაურმა შვილის საქმრო ეთნიკურობის გამო გაატაცებინა და აწამებინა.
  • ისაუბრა იმაზეც, რომ მუხთარლი ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, ხოლო ხვედელიძე ივანიშვილის დავალებით, ტელეფონზე გინების გამო სცემეს.

გოგაშვილი მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, სახალხო დამცველსა და საელჩოებს, დაიცვან მისი ოჯახის უფლებები.

  • "როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის დამყარება ჩემი ოჯახიდან დაიწყო, მარიონეტული მთავრობის ხელის ბიჭები გეგმავენ ჩემი შვილების, ოჯახის და ახლობლების წინააღმდეგ ბინძურ პროვოკაციებს".

ადვოკატმა დღეს, 27 ივლისს თქვა, რომ გოგაშვილის საქმეს გრიფით საიდუმლო დაედო.

  • როგორც ის აღნიშნავს, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
  • "ვფიქრობ ის დარღვევები რომ არ გამოჩენილიყო სააშკარაოზე, რომელიც არსებობს სოსო გოგაშვილის დაკავებასა და წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ მოხდა საქმის სრულად გრიფირება".

არქივიდან: გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს, მას ბრალდება სამი მუხლით აქვს წაყენებული. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით.

  • გოგაშვილი აცხადებს, რომ დაკავება წესების დაცვით არ მომხდარა, განჩინება მხოლოდ ჩხრეკაზე იყო გაცემული და ის ძალადობრივი მეთოდებით დააკავეს. დაცვის მხარე ამბობს იმასაც, რომ მას იარაღი ჩაუდეს.
  • პირველი სასამართლო პროცესი, რომელიც ბრალდების მხარის მოთხოვნით დაიხურა 18 ივლისს ჩატარდა და მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.