ამის შესახებ აზოვის ბატალიონის დამფუძნებელი და ეროვნული კორპუსის პარტიის ლიდერი ანდრეი ბელეცკი წერს ტელეგრამზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დაიბომბა კოლონია, სადაც რუსებს უკრაინელი ტყვეები ჰყავდათ, მათ შორის აზოვიდან. ადგილზე 193 ადამიანი იყო, დაბომბვას 53 უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, 75 კი დაშავდა.

  • უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ტერიტორია რუსებმა დაბომბეს, რუსული სახელმწიფო მედია კი ამას უკრაინას აბრალებს.

კიდევ რას ამბობს ბელეცკი: მისი თქმით, რუსებმა აზოვის ბატალიონი სამართლიან ბრძოლაში ვერ დაამარცხა, ამიტომ მათ განადგურებას ღალატით ცდილობს.

  • "აზოვის დივიზიების სახელით ნადირობას ვაცხადებ ყველაზე, ვინც მონაწილეობდა ხოცვა-ჟლეტაში", — ამბობს ის.
  • მისივე თქმით, ყველა რიგითი შემსრულებელი, ორგანიზატორი პასუხისმგებელია განურჩევლად თანამდებობისა.
  • "სადაც არ უნდა დაიმალო, გიპოვით და გაგანადგურებთ", — აცხადებს ბელეცკი.

რას ამბობს უკრაინული მხარე: Ukrainska Pravda-ს დაზვერვის წყაროებმა განუცხადეს, რომ საარტილერიო თავდასხმა ოლენევკას მიმართულებით დაფიქსირდა დამპყრობლების მხრიდან.

  • სხვა წყაროები უკრაინულ მედიას უყვებიან, რომ ამ კოლონიაში აზოვის მებრძოლები დაბომბვამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს.
  • უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა კოლონია პატიმრების წამებისა და მკვლელობის დასაფარად დაბომბა.

რას ამბობს რუსული მხარე: დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელი დენის პუშლინი ამტკიცებს, რომ "კიევის რეჟიმი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს, რომლებიც ჩაბარდნენ, რათა დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების კვალი დაფარონ".

  • მისივე მტკიცებით, ამით უკრაინა დანარჩენ მებრძოლებს აიძულებს განაგრძონ საბრძოლო მოქმედებები და არ ჩაბარდნენ.