პელოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პირველი სპიკერია, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში ჩავიდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ვიზიტი ოფიციალურად დადასტურდებოდა, ეს საკითხი ჩინეთის მხრიდან კრიტიკისა და გაფრთხილების საბაბი გახდა.

  • ტაივანი თვითმმართველი დემოკრატიაა, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და აშშ-ის ოფიციალური პირების ვიზიტს განიხილავს, როგორც კუნძულის დამოუკიდებლობის მომხრე ბანაკისთვის წამახალისებელი სიგნალის გაგზავნას.

დეტალები: კონგრესის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი აზიის ქვეყნებში 29 ივლისს დაიწყო – ოფიციალურ მარშრუტში შედის იაპონია, სამხრეთ კორეა, მალაიზია და სინგაპური.

  • როგორც BBC წერს, ტაივანის აეროპორტში პელოსს მცირე დელეგაცია დახვდა.

  • ჩასვლის შემდეგ მან დატვიტა, რომ ვიზიტის მიზანი აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატულებაა.
  • ვიზიტის პარალელურად კი, ჩინეთი ცეცხლსასროლი იარაღის წვრთნებს იწყებს.

რა ხდებოდა მანამდე: ჩინეთმა გააფრთხილა ბაიდენის ადმინისტრაცია, რომ თუ დაგეგმილი ვიზიტი შესრულდებოდა, სახალხო განმათავისუფლებელი არმია ზომებს მიიღებდა.

  • აშშ-ის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა, რომ პენტაგონი არ უჭერს მხარს პელოსის იდეას და თავდაცვის უწყება ტაივანში აშშ-ის ოფიციალური პირების ჩასვლის წინააღმდეგია.
  • სახელმწიფო მდივანმა კი აღნიშნა, რომ შედგება თუ არა ვიზიტი, სპიკერის გადასაწყვეტია.
  • აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის თქმით, ჩინეთმა "ძალიან ფრთხილად უნდა იფიქროს" სიტუაციის ესკალაციაზე — მანვე აღნიშნა, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს თავისი ინტერესების დასაცავად.
  • მაგრამ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ გაიმეორა პრეზიდენტ სი ძინპინის გაფრთხილება, რომელიც მან ჯო ბაიდენთს გასულ კვირას უთხრა — ვაშინგტონმა არ უნდა "ითამაშოს ცეცხლთან".
  • კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაგეგმილი ვიზიტი პროვოკაციად შეაფასა.

ბოლო ცნობები: Reuters-ის ინფორმაციით, დღეს, ვიზიტამდე ტაივანის აღმოსავლეთით შეერთებული შტატების ოთხი სამხედრო ხომალდი გამოჩნდა.

  • ჩინეთმა კი რეგიონში სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა, რომლებიც, მათ შორის, ტაივანის სრუტესთან განალაგა.

რატომ წავიდოდა პელოსი: ეს კითხვა ბევრს გაუჩნდა იმის ფონზე, რომ ვიზიტი დაძაბულობას იწვევს.

  • როგორც CNN წერს, ვიზიტის მომხრეებს შორის უჩვეულოდ ბევრი რესპუბლიკელია და ისინი ამბობენ, რომ სპიკერისთვის მნიშვნელოვანია ტაივანისადმი მხარდაჭერა გამოხატოს და ხაზი გაუსვას, რომ ვაშინგტონი სერიოზულად არის განწყობილი იურიდიული ვალდებულების მიმართ.
  • პელოსი ასევე პეკინის პოლიტიკის აქტიური კრიტიკოსი და დემოკრატიის სიმბოლოა — ცხოვრების წესის, რომელიც შენარჩუნებასაც სასოწარკვეთილად ცდილობენ ჩინეთის ავტორიტარული რეჟიმის ქვეშ.

ექსპერტები: ჩინელი მეცნიერები, ისევე როგორც აშშ-ის ყოფილი ოფიციალური პირები, თვლიან, რომ ჩინეთს ჯერ კიდევ სურს აშშ-თან ღია სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილება.

  • "თუ ის [პელოსი] ტაივანში ჩავა, აუცილებლად იქნება ტაივანის სრუტის კრიზისი და ის აუცილებლად გადააჭარბებს ბოლო, 1995-1996 წლების კრიზისს. ეს იმიტომ, რომ ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობები ბევრად აღემატება 26 წლის წინანდელ შესაძლებლობებს", — თქვა შანხაის ფუდანის უნივერსიტეტის ამერიკული კვლევების ცენტრის დირექტორმა, ვუ სინბომ.
  • როგორც CNN წერს, არც შეერთებულ შტატებს და არც ჩინეთს არ აქვთ ინტერესი, რომ ზესახელმწიფოების მეტოქეობა ღია სამხედრო შეტაკებებში გადაიზარდოს, თუმცა ნენსი პელოსის ამ ვიზიტმა, შესაძლოა, შექმნას მეტი არასტაბილურობა ურთიერთობებში, რაც სამომავლო კონფლიქტს უფრო სავარაუდოს გახდის.