ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, გადაწყვეტილება სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის მიიღეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ამ დრომდე სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა 4 წელი იყო, 15 აგვისტოდან კი ის ერთი წლით შემცირდება.

დეტალები: გვენეტაძის თქმით, რეგულაცია შეეხება ყველა კატეგორიის სამომხმარებლო სესხს.

  • ცვლილება ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება.
  • სებ-ის დირექტორი ამბობს, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ჭარბი ზრდის შედეგია.

ეროვნული ბანკმა მაღალი ინფლაციის საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ რეჟიმში დატოვა, რაც რეფინანსირების განაკვეთის მაღალ ნიშნულზე, 11%-ზე შენარჩუნებით გამოიხატება.

  • რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ის ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს.

  • როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, ამას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უწოდებენ — ამ დროს მსესხებლებს აღნიშნულ განაკვეთზე მიბმული კრედიტები უძვირდებათ.

  • გაძვირებული სესხების პირობებში ადამიანები ამცირებენ ხარჯვას, რის გამოც მცირდება საერთო მოთხოვნა — ეს კი ფასების ზრდას უშლის ხელს.