მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია, კრიტიკული მედია, ცალკეული კომერციული სუბიექტები და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიურ და შოვინისტურ კამპანიაში დაადანაშაულა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნება საქართველოში შემოსული ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ საზოგადოების კრიტიკულ დამოკიდებულებას ქსენოფობიასა და დისკრიმინაციას უწოდებს.

  • მეტიც, კობახიძე იმაზეც საუბრობდა, რომ რუსების მიმართ ქსენოფობიური და დისკრიმინაციული მიდგომების გამო კანონს გაამკაცრებენ.

დეტალები: კობახიძის მტკიცებით, მარტში დაწყებული კამპანიით ოპოზიციამ, მედიამ და NGO-ებმა მოსახლეობის ნაწილი დააჯერეს, რომ "რუსები საქართველოში უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობით შემოდიოდნენ და ეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის რისკებს შეიცავდა".

  • მისი აზრით, 5 თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების ქვეყანაში "უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მიერ მოგონილი ისეთივე სიცრუე იყო, როგორც მათივე მოგონილი უსაფრთხოების რისკები".
  • კობახიძე ამბობს, რომ იგივე შემადგენლობა ისევ ცდილობს "ქსენოფობიური კამპანიის" მეორე ტალღის აგორებას.
  • "თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სეროზული საფრთხისშემცველი ეს ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა", — განაცხადა მან.
  • მანვე მოიყვანა სტატისტიკური მონაცემებიც და ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ შემოვიდნენ და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან, 110 ათასზე ნაკლებია.
  • "ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია", — თქვა პარტიის თავმჯდომარემ.

კობახიძე მოუწოდებს საზოგადოებას, "გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას".

  • ის რუსეთის მოქალაქეების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებასაც საქართველოს მეორე ფრონტად გადაქცევას უკავშირებს და ამბობს, რომ "დისკრიმინაციულ კამპანიის" მიზანიც ესაა.

რიცხვებში: შსს-ს მონაცემებით, მხოლოდ ოთხ თვეში, მარტიდან ივნისის ჩათვლით, სახელმწიფო საზღვარი რუსეთიდან 299 094-მა ადამიანმა გადმოკვეთა.

  • მარტი — 45 068;
  • აპრილი — 48 797;
  • მაისი — 69 772;
  • ივნისი — 135 457.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში უცხო ქვეყნის რეზიდენტებმა საქართველოში 387 781 ვიზიტი განახორციელეს.

  • აქედან რუსეთიდან 90 239 ვიზიტი განხორციელდა, წლიური ზრდა 502,9%-ია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშებიდან კი ირკვევა, რომ 2022 წლის მარტში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 22 536 ვიზიტი განახორციელეს.