მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული ადმინისტრაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსახლეობას გეგმის შესახებ "სამოქალაქო დაცვის" შეხვედრაზე, აგვისტოს დასაწყისში აცნობეს.

ამას ლაჩინისა და აღავნოს მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა — მოქალაქეებმა მოსალოდნელი გადასახლების გასაპროტესტებლად გზა გადაკეტეს. ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის გარეთ ეს ერთადერთი ქალაქები იყო, საიდანაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს და დასრულების შემდეგ, სომხეთის მოსახლეობა არ გადაუსახლებიათ.

ამჟამად ლაჩინის დერეფანი მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შემცვლელი გზა 2023 წლის გაზაფხულამდე არ იქნება მზად.

2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელმაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომი დაასრულა, ახალი გზის გახსნამდე ამჟამინდელი მარშრუტის რუსი სამშვიდობოების მიერ კონტროლს ითვალისწინებდა. ახალ გზას დასრულების შემდეგ სამშვიდობოები გააკონტროლებენ.

ლაჩინის აზერბაიჯანისთვის გადაცემის ბოლო ვადა ხელის მოწერიდან სამი წელი იყო. თუმცა, ბოლო კვირების განმავლობაში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მისი დროზე ადრე დასრულება მოითხოვა.

ლაჩინთან მომხდარი ბოლო შეტაკებების შედეგად ერთი აზერბაიჯანელი და ორი სომეხი სამხედრო დაიღუპა. ორივე მხარემ მომხდარში ერთმანეთი დაადანაშაულა, თუმცა რუსულმა სამშვიდობო მისიამ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზერბაიჯანულმა ძალებმა დაარღვიეს.

მოგვიანებით აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ლაჩინთან ახლოს კიდევ ორი სამხედრო დაიღუპა, თუმცა მათი მტკიცებით, ეს კლდის ჩამოშლის შედეგად მოხდა.

კონფლიქტში შუამავლობისთვის დასავლეთში დიპლომატიური მცდელობები განახლდა — საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სომხეთის პრემიერთან, ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ალიევმა განაცხადა, რომ ლაჩინის დერეფნის შემცველი მარშრუტის მშენებლობა თითქმის დასრულებულია.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვაში სომხეთში რუსეთისა და რუსული სამშვიდობო მისიის ეფექტურობის შესახებ მზარდი კრიტიკაა — მას ხელი ვლადიმერ პუტინმა, ალიევთან და ფაშინიანთან ერთად მოაწერა.

მოსკოვის განცხადებით, რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში "რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ", რათა სიტუაციის "დეესკალაცია" მოახდინონ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ფაშინიანის კრიტიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ მისიის შესახებ სომხეთის მხრიდან არავითარი შეთავაზება არ მიუღიათ.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.