პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე წარუდგინა.

დეტალები: პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ნაკაიძე შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს.

  • ბრალდებულმა სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ჯერ ფიზიკურად, შემდეგ კი ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.
  • პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა.
  • დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ნაკაიძე მთავარი არხის დილის გადაცემის წამყვანია.

  • მომხდარს გამოეხმაურა მთავარი არხი და განაცხადა, რომ გმობს, ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას და ნაკაიძესთან თანამშრომლობას წყვეტს.
  • არხის ცნობით, მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას მათმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც დაშავებული ქალს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, გამოიკითხა და მისი ჩვენების საფუძველზე ნაკაიძე დააკავეს.