სამართლიანი არჩევნები ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში ორგანიზაციის არმიწვევაზე განცხადებით ეხმაურება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, სამუშაო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა თავად დასავლელი პარტნიორების რეკომენდაცია იყო.

  • თუმცა მმართველმა პარტიამ რეფორმებზე მუშაობის საშუალება ყველა მსურველ ორგანიზაციას არ მისცა, რადგან თითოეულ ჯგუფში მათთვის მხოლოდ 2 ადგილი განსაზღვრა.

ISFED-ის განცხადებით, სამუშაო ჯგუფების შემთხვევაში სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილი ორგანიზაციების შერჩევაში ხელისუფლება არ ჩარეულა, განსხვავებით საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფისა.

  • მათი თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება სამართლიანი არჩევნებისა და მთლიანად სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ განხორციელებული დემარშია და ეს ორგანიზაციის მიუკერძოებლობისა და კრიტიკული პოზიციის მიუღებლობითაა გამოწვეული.

დეტალები: ორგანიზაცია წერს, რომ პროცესიდან პროფესიული ორგანიზაციის ჩამოშორება, რეალურად, სამუშაო ჯგუფის ფორმალურ შექმნაზე მიანიშნებს.

  • მათი განცხადებით, ამის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობების გაუმჯობესებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, პროცესის გაჭიანურება და რეკომენდაციების შესრულების მზაობის ილუზიის შექმნაა.
  • "ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილება, საქართველოს მომავლისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში, ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს".

გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ორგანიზაცია მრავალწლილანი გამოცდილების მქონე, დამოუკიდებელი და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციაა.

  • მათი შეფასებით, მმართველი პარტიის ასეთი პოზიცია სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა, ეს კი ევროინტეგრაციის პროცესს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.
  • "თუმცა, ორგანიზაცია არ აპირებს არჩეული გზიდან გადახვევას და კვლავ გააგრძელებს მუშაობას ქართველი ხალხის საუკუნოვანი მისწრაფების, დასავლური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის".

ქართულმა ოცნებამ გადაწყვეტილება "ახსნა" იმით, რომ ამ პროცესში მხოლოდ იმ ორგანიზაციებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რომლებიც "ნეიტრალიტეტს" ინარჩუნებენ.

  • საია-ს თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა ამას ერთპარტიულ, დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას უწოდა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

  • რესპუბლიკური პარტიის წევრის, ხათუნა სამნიძის შეფასებით კი, ქართულ ოცნებას სურს, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისს დისკრედიტაცია მოახდინოს.