დარია დუგინას მანქანის აფეთქებამ და სიკვდილმა სპეკულაციების ახალი ტალღა გამოიწვია. საზოგადოებისთვის ნაწილისთვის უცნობია მისი მოღვაწეობა, სიკვდილზე კი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთმა უკრაინა მტკიცებულებების გარეშე დაადანაშაულა. ოფიციალურმა კიევმა ბრალდებები იმავე დღეს უარყო.

  • რამდენიმე საათში კი დუმას ყოფილმა დეპუტატმა თქვა, რომ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსულმა დაჯგუფებამ აიღო.

ვინ არის დარია დუგინა: ის პუტინის მთავარი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილია და ბოლო წლებში მამის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრედ მიიჩნეოდა.

  • როგორც Meduza წერს, დუგინა დამოუკიდებელი "პოლიტოლოგისა" და პუბლიცისტის როლს ითავსებდა, ფსევდონიმით პლატონოვა.
  • არაერთხელ გამოჩნდა რუსულ სამთავრობო მედიაში, სადაც პროსახელისუფლებო შეხედულებებს ავრცელებდა, აკრიტიკებდა დასავლეთს და უკრაინაში შეჭრას უჭერდა მხარს.
  • 2021 წელს, რუსულ პირველ არხის გადაცემაში, რომელიც საომარი ისტერიის გაზრდას ემსახურებოდა, უკრაინას სანიტარული კორიდორი უწოდა, რომელიც "რუსეთს ევროპისგან აშორებს".

უკრაინაში შეჭრას დუგინამ საჯაროდ დაუჭირა მხარი და ტელეგრამის არხზე რუსეთის დიდებაზე იმპერიალისტური შინაარსის პოსტი გამოქვეყნა.

  • ის ორჯერ მოხვდა დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სანქცირებულთა სიაში, რაზეც თქვა: "მათ უკეთესი ვერავინ იპოვეს და მე, რიგითი ჟურნალისტი შემიყვანეს, რომელსაც ქონება არ აქვს".
  • ბრიტანეთის ხელისუფლებამ მისი დასანქცირება იმით ახსნა, რომ ხშირად ავრცელებდა დეზინფორმაციას, ხელს უწყობდა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და ქმედებებს, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას უთხრის ძირს.
  • ივნისის შუა რიცხვებში ის აზოვსტალის ქარხანას ეწვია და პროპაგანდისტული რეპორტაჟი მოამზადა.
  • თავის ბოლო მოხსენებაში კი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ბუჩას მკვლელობები დადგმული იყო.

თანამშრომლობდა გამომცემლობასთან, რომელსაც შემოდგომაზე "წიგნი Z" უნდა გამოეცა — მეგობრობდა მის დამფუძნებელთანაც.

  • გამოცემის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ წიგნში ომის მონაწილეებისა და თვითმხილველების მიერ მოთხრობილი ამბები უნდა შესულიყო.
  • ამ ისტორიების დაწერას სხვებთან ერთად, აპირებდა დუგინაც — 21 აგვისტოს გამომცემლობამ განაცხადა, რომ მას მასალა მალე უნდა წარედგინა.
  • ახლა ისინი დუგინას სტატიაზე დაფუძნებული ტექსტის გამოქვეყნებას აპირებენ და ამბობენ, რომ პუბლიკაციას მას მიუძღვნიან.

დუგინი და დუგინა: Meduza-სთან დუგინას ნაცნობი აღნიშნავს, რომ ადრე მას მამის გავლენა არ ჰქონია და "ძნელი იყო თქმა, რომ მისი ქალიშვილი იყო" — საპირისპიროს ამბობს საქმიანობა.

  • დუგინა საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის აქტივისტი და მამის აქტიური მხარდამჭერი იყო.
  • ასევე, მასალებს ამზადებდა მამის ვებგვერდისთვისაც, სადაც პრესმდივნის სახელით იყო მოხსენიებული.
  • "დიდი პატივია, ვიყო მამაჩემის შვილი და გავაგრელო მისი ბრძოლა", — ამბობდა დუგინა.

რა ვიცით აფეთქებაზე: მედიების ცნობით, დუგინა იმ საღამოს მამასთან ერთდ "საოჯახო ფესტივალზე" იმყოფებოდა.

  • თვითმხილველების თქმით, თავად დუგინი ადგილის დატოვებას იმავე მანქანით აპირებდა, თუმცა ბოლო მომენტში სხვა ავტომობილში გადავიდა.
  • როგორც TASS მეგობარზე დაყრდნობით წერდა, აფეთქების რეალური სამიზნე ალექსანდრ დუგინი იყო და მანქანაც მას ეკუთვნოდა.
  • იმავეს ამბობდა რუსული მოძრაობა ჰორიზონტის ხელმძღვანელი, ანდრეი კრასნოვი, თუმცა მოგვიანებით სხვა რუსულმა მედიებმა დაწერეს, რომ მანქანა დარია დუგინას მფლობელობაში იყო.
  • გამომძიებლების განცხადებით, მანქანის სავარძლის ძირზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამაგრებული და ის დისტანციურად ააფეთქეს
  • პროკრემლისტური მედიები დანაშაულს ტერორისტულ თავდასხმას უწოდებენ.

FSB ამტკიცებს, რომ დუგინას საქმე გახსნეს და მკვლელობას უკრაინის სპეცსამსახურებს აბრალებს.

  • მათი თქმით, დანაშაული უკრაინელმა ქალმა ჩაიდინა, რომელიც რუსეთში 23 ივლისს 12 წლის შვილთან ერთად ჩავიდა და იმავე ბინაში ცხოვრობდა, სადაც დუგინა.
  • უწყება ამტკიცებს, რომ ქალი ინფორმაციას აგროვებდა და შვილთან ერთად იმავე ფესტივალს ესწრებოდა, რომელსაც დაღუპული.
  • მათივე მტკიცებით, ფესტივალის დასრულების შემდეგ უკრაინელმა ქალმა მანქანა ააფეთქა და შვილთან ერთად ტერიტორია დატოვა.