უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის კომენტარს უკრაინსკა პრავდა ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: შესაბამისი უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში არ აქვეყნებენ საკუთარ დანაკარგებს, რასაც სტრატეგიულ მიზნებით ხსნიან.

  • ივნისის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ყოველ დღე უკრაინა, დაახლოებით, 100-დან 200-მდე სამხედროს კარგავს.

დეტალები: ვალერი ზალუჟნის თქმით, დღეის მონაცემებით უკრაინას 9 000 მებრძოლი დაეღუპა.

  • "ამ ომში მონაწილეობენ არა მხოლოდ სამხედროები და ისინი, ვინც ხელში იარაღი აიღეს, არამედ ჩვენი პატარა ბავშვები, რომლებსაც არავითარი დანაშაული არ მიუძღვით, გარდა იმისა, რომ ამ დროს აქ დაიბადნენ";
  • "მათ ნამდვილად არ ესმით, რა ხდება, მაგრამ ნამდვილად სჭირდებათ დაცვა სოლედართან, ბახმუტთან, ველიკა ნოვოსელკასთან და აქ, რადგან მათი მამები ფრონტის ხაზზე წავიდნენ და შესაძლოა, იმ 9 000 დაღუპულ გმირს შორის არიან".

რუსეთის დანაკარგები: უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე 45 400 რუსი სამხედრო დაიღუპა.

  • უკრაინა ინფორმაციის ერთადერთი წყაროა, რადგან რუსეთი დანაკარგებს მალავს. მათ არ უთქვამთ ოფიციალური მონაცემები 25 მარტის შემდეგ, როდესაც განაცხადეს, რომ დაღუპულია 1 351 ჯარისკაცი და ოფიცერი;
  • ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინაში ყოველდღიურად 300-მდე რუსი სამხედრო იღუპება.