ფორმულას ინფორმაციით, გადამღებ ჯგუფს თავს პირდაპირ ეთერში დაესხნენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიან და თავს ესხმიან.

  • ხელისუფლება რიტორიკა და განცხადებები კი ხშირად ახალისებს მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლის, თავდასხმისა და ძალადობის ფაქტებს.

დეტალები: რატი წვერავა ამბობს, რომ მათთან უცნობი პირი მივიდა და კონკრეტულ მითითებებს აძლევდა.

  • მისი თქმით, თავდამსხმელს დანა ჰქონდა და გადამღებ ჯგუფს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
  • წვერავას ინფორმაციით, წაართვა და დაუზიანა მიკროფონი და სცადა ოპერატორს დასხმოდა თავს.

როგორც კადრებში ჩანს, თავდამსხმელი ამბობს სიტყვებს: "მე ვარ ერთადერთი კანონიერი ქურდი, ბადრი ჩელენჯს გიცხადებ. მოდი, შევხვდეთ სადაც გინდა, როცა გინდა".

  • მას შემდეგ რაც ის ტერიტორიას ტოვებს, კადრში ფონად ისმის, როგორ ყვირის რუსულად: "ქურდებს სიცოცხლე".
  • კადრებშივე ჩანს, რომ რატი წვერავამ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისკენ, ხოლო საგამოძიებო უწყებებს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

  • "ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია".

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლის ფაქტზე სსსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.