CNN-ის ცნობით ევროკავშირის მინისტრებმა ორდღიანი შეხვედრების შემდეგ, მიაღწიეს კონსენსუსს, რომ სრულად შეაჩერონ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დიდი ხანია დაიწყო მსჯელობა, უნდა შეეჩერებინა თუ არა EU-ს არსებული შეთანხმება — მას გერმანია და საფრანგეთი არ ეთანხმებოდნენ.

  • მოსკოვსა და EU-ს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება 2007 წელს გაფორმდა;
  • მისი გაუქმება რუსეთის მოქალაქეებისთვის გაართულებს და უფრო გააძვირებს შენგენის ზონის დოკუმენტების მიღებას.

დეტალები: ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გაცემული ახალი ვიზების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს.

  • ბორელმა აღნიშნა, რომ ეს ამ ეტაპზე მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმებაა და არა სამართლებრივი.
  • შეთანხმება ევროპული საბჭოს სხდომაზე ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს.
  • "ჩვენ ვნახეთ ბევრი რუსი, რომლებიც მოგზაურობენ და საყიდლებზე დადიან ისე თითქოს, უკრაინაში ომი არ მძვინვარებს", — განაცხადა ბორელმა.