კოლორადოს შტატის სახვითი ხელოვნების კონკურსზე პირველი ადგილი დაიკავა ადამიანმა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული საკონკურსო ნახატი ჰქონდა.

"მე პირველი ადგილი დავიკავე", — დაპოსტა ჯეისონ ალენმა, კოლორადოში დაფუძნებული სათამაშო კომპანიის Incarnate Games-ის პრეზიდენტმა. შტატის ოფიციალური გვერდის მიხედვით, მან გაიმარჯვა ციფრული ხელოვნების კატეგორიაში ნამუშევრით "Théâtre D'opéra Spatial". ნახატი, რომელიც მან შექმნა, მართლაც გასაოცრია. მასში თითქოს ოპერის სცენაა გადმოცემული და თან სიურეალისტურად არის შესრულებული.

საქმე ისაა, რომ ეს მისი შექმნილი ნახატი არაა, ის AI პროგრამულმა უზრუნველყოფამ, Midjourney-მა, შექმნა. მართლია, ხელოვნური ინტელექტი მის ბრძნაბებს ასრულებდა, მაგრამ ალენს ხელში ციფრული ფუნჯი ნამდვილად არ ეჭირა. ზუსტად ამის გამო Twitter-ზე ბევრი მას კრეატიული პროფესიების დამარხვაში ადანაშაულებს.

"ჩვენ თვალწინ ხელოვნება იღუპება", — დაწერა ტვითერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა. "თუ თვით კრეატიული პროფესიები არაა მანქანისგან დაცული, მაშინ მნიშვნელოვანი პროფესიებიც გახდება მალე გამოუსადეგარი. რას ვიზამთ მაშინ?"

ალენი კი აცხადებს, რომ მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ნახატის შექმნაში. "მე მთელი ამ დროის მანძილზე ნახატის გენერირებისთვის განსაკუთრებულ მითითებებს, ბრძანებებს ვეძებდი, ამ მიზნით 100-მდე ნახატი შევქმენი; ბოლოს სამი საუკეთესო ამოვარჩიე და ამოვბეჭდე კონკურსისთვის", — დაწერა მან კონკურსის გამარჯვებულების გამოცხადებამდე.

ალენი ამბობს, რომ მისი კრიტიკოსები განსჯიან მის ნახატს მარტო იმის გამო, რომ არ მოსწონთ მისი შექმნის მეთოდი. "როგორ მოვიქცევით, თუ, ვთქვათ, ორმა მხატვარმა ერთი და იგივე ნახატი შექმნა, მაგრამ პირველმა ეს ფეხებით ჩამოკიდებულმა დახატა, ხოლო მეორემ — "ნორმალურ" მდგომარეობაში? პირველს ნაკლები ფასი ექნება, ვიდრე მეორეს? მე ვიცი, რა იქნება ამ ყველაფრის ბოლო — ისინი მსგავსი ნახატებისთვის "ხელოვნური ინტელექტის ნახატის" ცალკე კატეგორიას შექმნიან.

ხელოვანთა ნაწილმა ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. მათი აზრით, ეს კარგი გასართობია დეველოპერებისა და ტექნიკური ხალხისთვის, მაგრამ არა ილუსტრატორებისთვის, რომლებიც ამის გამო სამსახურს დაკარგავენ.

ალენი აღნიშნავს, რომ საკუთარი ნახატი მან შემდეგნაირად დაასათაურა: "ჯეისონ ალენი Midjourney-ის მეშვეობით", რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ადამიანურ ფაქტორს ნახატის შექმნაში. "მე შევქმენი ნახატი MJ-ს დახმარებით, დავამუშავე ფოტოშოპით და გავადიდე Gigapixel-ით".

კრიტიკის მიუხედავად, გამარჯვებამ ის უფრო გაამხნევა. "მე არ გავჩერდები აქ", — თქვა მან. "ამ გამარჯვებამ მხოლოდ მეტად გაამყარა ჩემი მისია".

იხილეთ ასევე: ეს ხელოვნური ინტელექტი თქვენს სიტყვებს ნახატებად აქცევს — როგორ გამოვიყენოთ Midjourney