უკრაინის სამხრეთით მიმდინარე ბრძოლები უფრო და უფრო ძლიერდება — გთავაზობთ ბოლო სიახლეებს, რომელსაც მხარეები ავრცელებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 29 აგვისტოს სამხრეთის მიმართულებით უკრაინა შეტევაზე გადავიდა — ხერსონის რეგიონში შეიარაღებულმა ძალებმა რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.

  • ხერსონი რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ამ ტერიტორიის დახმარებით ოკუპირებული ყირიმიდან საბრძოლო იარაღისა და პერსონალის მიწოდებას ახდენს.
  • რუსების შესვლის პირველივე დღეებიდან, მუქარის მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივად აწყობდა მასობრივ აქციებს ტანკებისა და შეიარაღებული ჯარისკაცების წინ და გათავისუფლებას ელოდა.
  • ხერსონის დაკარგვა დაანგრევს რუსულ მითს ომის წარმატებულად წარმართვაზე, ამიტომ პროპაგანდა ცდილობს, შეტევა კრახისთვის განწირულად შეფუთოს.

ფრონტის ხაზი: შეგახსენებთ, რომ ომის დაწყებიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა აიღეს კონტროლი ზაპოროჟიის რეგიონის აზოვის ნაწილზე და მთელ ხერსონის ოლქზე, დაიკავეს ისეთი დიდი ქალაქები, როგორებიცაა ხერსონი, მელიტოპოლი და ბერდიანსკი.

  • უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფრონტის ხაზი ამჟამად 2,5 ათას კმ-ზეა გადაჭიმული, აქედან 1,3 ათას კილომეტრზე აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
  • სარდლობის პრესსპიკერი ამბობს, რომ ქვედანაყოფები აგრძელებენ პოზიციურ ბრძოლებს და მეთოდურად აყენებენ ზარალს მტერს ლოგისტიკისა და მართვის საქმიანობებში.
  • უკრაინელებმა უკვე გაათავისუფლეს რამდენიმე დასახლება და სოფელი, თუმცა ზუსტი რაოდენობა სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე უცნობია.

რა ხდება ახლა: ხერსონის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ სიტუაცია ობიექტურად რთულია, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებები ძალიან ეფექტურია.

  • უკრაინული დივერსანტების წარმატებული მუშაობის გამო, ოკუპანტებმა გააძლიერეს რეიდები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
  • ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ინფორმაციით, ქალაქებში გაიზარდა საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის ჩხრეკის რაოდენობა, ხალხს აჩერებენ ქუჩებში ტელეფონებისა და პირადი მონაცემების შესამოწმებლად.
  • წინააღმდეგობის მოძრაობამ ხერსონში გაავრცელა ბროშურები "ბუნკერის ბაბუაზე".

ფოტო: უკრინფორმ

უკრაინა: შეიარაღებულმა ძალების განცხადებით, ხერსონში გაანადგურეს ბარჟა, რომლითაც ოკუპანტებს სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდათ.

  • რუსების თავდასხმის მცდელობისას კი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ვერტმფრენი K-52.
  • მათივე თქმით, 6 სექტემბერს დონეცკისა და ხერსონის მიმართულებით საარტილერიო დანაყოფები თავს დაესხნენ დამპყრობლებს, რის შედეგადაც განადგურდა 7 ოკუპანტი და თვითმავალი ჰაუბიცა.

ოკუპანტები: რუსების მტკიცებით, ხერსონის რაიონში გაანადგურეს უკრაინული ჭურვები, რომელთა სიმძლავრე ტროტილის ეკვივალენტში ათას კილოგრამს აჭარბებდა.

  • პროპაგანდისტული მედიები წერენ, რომ 6 სექტემბერს ხერსონში 11 აფეთქების ხმა გაიგეს.
  • მათივე თქმით, 7 სექტემბერს დაარტყეს უკრაინის არმიის სამი ბრიგადის პოზიციებს ნიკოლაევისა და ხერსონის რაიონებში, ასევე 406-ე საარტილერიო ბრიგადის საბრძოლო მასალის საცავს.

"რეფერენდუმი": საოკუპაციო რეჟიმი არ წყვეტს საუბარს უკანონო გამოკითხვის ჩატარებაზე და ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთთან შეერთების მსურველი ბევრია.

  • თუმცა, წინა კვირის განცხადებაში აღნიშნეს, რომ ხმის მიცემის გადადება მოუწევთ და მიზეზად "უსაფრთხოების ზომები" დაასახელეს.
  • უკრაინის დაზვერვა კი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები და ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა არ აძლევს რუსეთს საშუალებას, ფსევდორეფერენდუმი ჩაატაროს.
  • დრო არ დაუკარგავთ და 7 სექტემბერს პროპაგანდისტულ რიაზე გამოქვეყნდა ერთ-ერთი კომპანიის "გამოკითხვის შედეგები", რომლის მიხედვითაც, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მოსახლეობის ნახევარზე მეტს რუსეთთან შეერთება უნდა.
  • უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსული რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება მსოფლიოში.