ამის შესახებ ორგანიზაცია საფარის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: როგორც საფარის აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია აცხადებს, თავდაცვის უწყება დახურული სისტემაა და გენდერულ ძალადობაზე ინფორმაცია იშვიათად გამოდის.

  • მისივე ცნობით, გენერალურ ინსპექციაში მტკიცებულებების წარდგენიდან 2 კვირაზე მეტი გავიდა და არანაირი რეაგირება არ მოუხდენია უწყებას, ქალს კი ისევ იმ უფროსთან უწევს მუშაობა, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს.
  • პატარაია ამბობს, ტომ მსგავსი ტიპის მოპყრობას იმავე უწყებაში იმავე პირის მიმართ სხვა ქალებიც ადასტურებენ და ამას ერთჯერადი ხასიათი არ ჰქონია.
  • ადვოკატის განცხადებით, მხოლოდ ერთი ქალი არაა დაზარალებული და კიდევ 2 ქალი საუბრობს, რომ იყვნენ სექსუალური შევიწროების მსხვერპლები ამ უშუალო ხელმძღვანელი პირის მხრიდან

დეტალები: როგორც საფარი აცხადებს, ქალმა მათ 23 აგვისტოს მიმართა და წარადგინა მტკიცებულებები.

  • საფარის დირექტორის თქმით, ქალი უკიდურესად შეშინებულია და ცდილობს გამოიყენოს ყველა შვებულების დღე, რათა არ მოუწიოს სამსახურში გასვლა იმავე მდგომარეობაში, რადგან არაფერია შეცვლილი.
  • მისივე განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს მიმართეს, რათა მოახდინონ რეაგირება, მიიღონ დროებითი ზომები, ვიდრე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ამ ადამიანს ჰქონდეს შესაბამისი სამუშაო გარემო.
  • ადვოკატი ამბობს, რომ ყველაფრის თაობაზე ინფორმირებულია ინსპექცია, ასევე, მათი მიმართვის საფუძველზე სახალხო დამცველი ახორციელებს მონიტორინგს.
  • On.ge ცდილობს თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას და მათ კომენტარს მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.

ადვოკატის განცხადებით, ქალმა მათ უთხრა, რომ 5 თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში იყო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, ეს კი გამოიხატებოდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში, დამამცირებელ, დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიებაში.

  • მისივე ცნობით, ამ დაწესებულებაში კაცებისთვის საცხოვრებელი ფართი ცალკე იყო განთავსებული, სადაც მათ მოსვენება შეუძლიათ, ქალებისთვის კი ეს სამუშაო სივრცეშია მოწყობილი, სადაც კაცები მუშაობენ დღის განმავლობაში და საღამოდ გვიანობამდე.
  • თამუნა ლუკავა ამბობს, რომ გენინსპექციაში წარადგინეს როგორც ამის ამსახველი ვიდეომტკიცებულებები, ისე აუდიოჩანაწერი, სადაც კარგად ისმის ის, თუ როგორ მიმართავს ეს უშუალო ხელმძღვანელი პირი ქალებს.