უკრაინსკა პრავდა წერს, რომ რუსეთის ჯარები ტოვებენ ქალაქ იზიუმსა და ხარკოვის რეგიონის სხვა დასახლებებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 29 აგვისტოს სამხრეთის მიმართულებით უკრაინა შეტევაზე გადავიდა და მას შემდეგ მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს.

  • უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფრონტის ხაზი ამჟამად 2,5 ათას კმ-ზეა გადაჭიმული, აქედან 1,3 ათას კილომეტრზე აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

ბოლო ცნობები: დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ გაათავისუფლა ქალაქი კუპიანსკი და მიიწევდა იზიუმისკენ.

  • არსებული ინფორმაციით, ოკუპანტები ამ დროისთვის ტოვებენ იზიუმს და იქ უკრაინული დროშა ბრუნდება.
  • ლუგანსკის რეგიონის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები უკვე იმყოფებიან ლისიჩანსკის გარეუბანში.
  • სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მიანიშნებდა ლისიჩანსკის სწრაფი დეოკუპაციის შესახებ.

გარდა ამისა, თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელი ნატალია გუმენიუკი ამბობს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

  • აცხადებს, რომ 9 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევისას ოკუპანტებმა დაკარგეს 70 ჯარისკაცი, 9 ტანკი და 2 ჰაუბიცი, რასაც ნიკოპოლის რაიონზე შეტევისთვის აქტიურად იყენებდნენ.

უკრაინამ უკვე გაათავისუფლა არა ერთი დასახლება, მათ შორის ბალაკლეა.

  • გუშინ, 9 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

რუსეთი კი ამტკიცებს, რომ მათ გადაიყვანეს ჯარები ხარკოვის ოლქის ქალაქებიდან დონეცკის მიმართულებით, თითქოსდა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნების მისაღწევად.

  • როგორც კრემლისტური მედია რია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, სამი დღის განმავლობაში ტარდებოდა ოპერაცია იზიუმ-ბალაკლის ჯარების ჯგუფის დაშლისა და გადაყვანის ორგანიზებისთვის ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე.