ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშიდან და სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებიდან ვიგებთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 10 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

  • 29 აგვისტოს სამხრეთის მიმართულებით უკრაინა შეტევაზე გადავიდა და ამ დროისთვის უკვე აქვს გარკვეული წარმატება — აქტიური კონტრშეტევა გრძელდება აღმოსავლეთშიც.
  • ISW-ის ცნობით, 5 დღეში უკრაინამ იმაზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა, ვიდრე რუსეთმა აპრილის შემდეგ დაიპყრო.

დეტალები: ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთს დიდი ოპერატიული მარცხი მიაყენეს და სწრაფი კონტრშეტევის შედეგად თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი დაიბრუნეს.

  • ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი კი ამბობს, რომ ხარკოვის რეგიონში, კონკრეტულ მონაკვეთებზე უკრაინელმა მებრძოლებმა რუსეთის საზღვარს მიაღწიეს.
  • უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ კი განაცხადა: "მეტრი-მეტრზე უკრაინის შეიარაღებული ძალები ათავისუფლებენ ხარკოვის ოლქს: ეს არის ასობით დასახლება, ათასობით ქუჩა, ეს არის მშობლიური ადგილები ათიათასობით უკრაინელისთვის".
  • ISW უკრაინის წარმატებაში HIMARS-ებისა და სხვა დასავლური სისტემების როლზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ოპერაციის წარმატება კარგად შემუშავებულმა ტაქტიკამ განაპირობა.
  • უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი ინტერაქტიულ ონლაინრუკაზე.

ფართო სურათი: რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში, ასევე, ზაპოროჟიეში, ხარკოვსა და ხერსონში "რეფერენდუმების" ჩატარებას აპირებდა.

  • თუმცა, 11 სექტემბერს Meduza-მ დაწერა, რომ კრემლმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმები გადადო.
  • წყაროებმა Meduza-ს განუმარტეს, რომ ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი ხარკოვის მიმართულებით უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა გახდა.