ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქი იზიუმი ოკუპანტებმა 2022 წლის 2 აპრილს დაიპყრეს, უკრაინელმა სამხედროებმა კი ის 10 სექტემბერს გაათავისუფლეს. რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა ქალაქი ბალაკლეაც.

რატომ არის მნიშვნელოვანი: არსებული ინფორმაციით, იზიუმში სამხედრო მოქმედებების შედეგად მინიმუმ ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო დროული სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო, დაშავდა კიდევ უფრო მეტი.

  • ქალაქის მერის, ვალერი მარჩენკოს განცხადებით, განადგურებულია ინფრასტრუქტურის 80%-ზე მეტი, მათ შორის კერძო და მრავალსართულიანი სახლები, სახელმწიფო დაწესებულები, სამრეწველო ობიექტები.
  • "სამწუხაროდ, ქალაქი დანგრეულია. ყველაზე საშინელი ის არის, რომ წინ ზამთარია და განადგურებულია ცენტრალიზებული გათბობის სისტემა", — თქვა იზიუმის საკრებულოს დეპუტატმა.

დეტალები: წინასწარი მონაცემებით, მიუხედავად ევაკუაციისა, ქალაქში 10 ათასამდე მაცხოვრებელი რჩება.

  • ოფიციალური პირების ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა სამედიცინო დაწესებულებებიც დაბომბეს, ამიტომ მოქალაქეებს შესაბამის სამედიცინო დახმარებასა და მედიკამენტებს ვერ იღებენ.
  • პარტია ხალხის მსახურის დეპუტატის, უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრი ფეისბუქგვერდზე წერს, რომ ბალაკლეაში ერთ-ერთ სარდაფში წამებისა და დაკავების ოთახები აღმოაჩინეს.

არქივიდან: 2 აპრილს უკრაინულმა ჯარმა ოკუპანტებისგან კიევის ოლქი გაათავისუფლა. ირპენმა, ბუჩამ, გოსტომელმა და სხვა ქალაქებმა, სადაც უკრაინის ჯარები შევიდნენ, მსოფლიოს ხელახალი გამოღვიძება აიძულა.

  • მედიაში გავრცელდა ფოტოები ბუჩას ქუჩებიდან, რომელიც სავსე იყო ცხედრებით — მათ ნაწილს ხელები ჰქონდათ შეკრული, ნაწილის გვერდით ველოსიპედები ეყარა, ნაწილი კი რამდენიმე კვირის წინ იყო მოკლული.
  • აღმოჩენილია არაერთი მასობრივი საფლავი, ნაწამები და მოკლული ადამიანებით.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.