ნეკა დოროყაშვილი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას აძლევს — მან პროცესზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობის დეტალებზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი.

  • რამდენიმე თვის წინ ამ საქმის ფაილები გავრცელდა, სადაც ისმოდა, რომ ჩოგბურთელი ყოფილ ცოლს შეურაცხმყოფლად მოიხსენიებს და მის დამცირებას ცდილობს;
  • დღევანდელ სხდომაზე დოროყაშვილმა ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფის შესახებ ისაუბრა და ვიდეომტკიცებულება წარადგინა.

ფსიქოლოგიური ზეწოლა: ნეკა დოროყაშვილი ჰყვება, რომ საბანკო ბარათებს ნიკოლოზ ბასილაშვილი აკონტროლებდა და როდესაც კამათი მოუვიდოდათ, მათ უბლოკავდა.

  • "ხშირად იყო ჩვენ შორის დიალოგი, რომ როდესაც მოხდებოდა რაიმე სახის ნებისმიერი კონფლიქტი ბლოკავდა ამ ბარათს და ყველაზე რთული ის იყო, რომ არ მაფრთხილებდა, რომ ბლოკავდა ბარათს, ჩემი აზრით, ჩემი დასჯის მიზნით, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა";
  • "მაგალითად, წამიყვანია ბავშვი ექიმთან, აფთიაქში მივსულვარ, მივსულვარ სუპერმარკეტში, მიყიდია ნივთები, შემდეგ ვერ იხდი, ეს იყო ძალიან ხშირი და ადამიანებიც შესწრებიან, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდნილვარ და მომწევია ამის ახსნა";
  • "მერე გავაცნობიერე, რომ ამას აკეთებდა ჩემი მანიპულაციის მიზნით, რომ მე დავეკნინებინე და ჩემს თავმოყვარეობას ძალიან ლახავდა. მე ვცდილობდი, რომ მისთვის არ დამეძალებინა ბარათისთვის ბლოკის ახსნა, რადგან ვერ ვიხდიდი ბავშვის ფულს";
  • "ვცდილობდი, რომ მესესხა ფული ჩემი მეგობრებისგან, მშობლებისგან. ესეც ძალიან ყოველდღიური იყო, რომ ვალი გაქვს მაგალითად, ბავშვის საჭმლის ფული. ეს იყო მუდმივი სტრესი ჩემთვის".

ფიზიკური ძალადობა: დოროყაშვილმა პროცესზე მორიგი ჩანაწერები წარმოადგინა, სადაც, ნიკოლოზ ბასილაშვილს ეუბნება: "რატომ მირტყამ?".

  • სასამართლო პროცესიდან გავრცელებულ კადრებში დეტალების გარჩევა რთულია, თუმცა როგორც დოროყაშვილი ჰყვება, ბასილაშვილი მას ჩოგნის ჩემოდანს ურტყამს.
  • "გარდა იმისა, რომ ჩემოდანს მირტყამს, შეგიძლიათ, თავადაც დააკვირდეთ, გარდა იმისა, რომ ამ მძიმე ჩემოდნის აწევა თვითონაც უჭირს, იმიტომ, რომ საკმაოდ მძიმეა, შემდეგ ხელს აყოლებს და ტანითაც მეცემა ზემოდან";
  • "წინა პროცესზე იყო ასეთი შეკითხვაც, რატომ გაითიშაო [ტელეფონი], როგორც მახსოვს — იმიტომ გაითიშა სწორედ, ალბათ, რომ ამხელა ჩოგნის ჩანთა, მერე თვითონ სხეულით ამხელა ადამიანზე რომ დაეცემა, ბუნებრივია, ინსტინქტია შენი, რომ როდესაც გირტყამენ, იფარებ ხელზე რაღაცას და ამ დროს, ალბათ, ტელეფონი გამივარდა ხელიდან და ითიშება ერთ კადრში".

გარდა ამისა, დოროყაშვილი ამბობს, რომ ბასილაშვილი მას "მახინჯს" უწოდებდა და ეუბნებოდა, რომ სამოდელო კარიერის აწყობას ვერ შეძლებდა.

  • "აქ მეუბნება და მაჯერებს, როგორც მანამდე მაჯერებდა, რომ შენ ხარ უშნო, მახინჯი, შენი სახის კანი მახინჯია, შენ გაქვს მოტყლაწული ტანი, შენ ხარ უვარგისი, არ გამოდგები სამოდელოდ";
  • "აქ პირდაპირ მეუბნება ასეთ ფრაზებს, როგორც მანამდე ყოველდღიურ რეჟიმში მეუბნებოდა — მე დავიჯერე, რომ იმდენად უშნო ვარ, ამ კონტრაქტს რატომ ვდებ, საერთოდ რა შუაში ვარ".

დოროყაშვილი იხსენებს, რომ როცა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სიგარეტით ხელში დაინახა, საქმეში მისი ოჯახი ჩარია და ამით სცადა დოროყაშვილის შეურაცხყოფა.

  • "ორჯერ დამინახა ნიკოლოზმა სიგარეტით და ძალიან ცუდ კონფლიქტამდე მივედით, მახსოვს ერთხელ მამამისთან მივიდა, თითქოს, ორი წლის ბავშვი ვიყავი";
  • "იციო? ეს ქალბატონიო, ჩემზე უთხრა მამამისს, სიგარეტს ეწევაო და მთელი ოჯახი გამკიცხავდა, როგორც ორი წლის ბავშვს, დამაყენეს კუთხეში".

წინა პროცესი: დოროყაშვილმა ჩვენება 16 აგვისტოსაც მისცა. ის ჰყვებოდა რომ ყოფილი ქმარი მას სხვადასხვა ცხოველის სახელს ეძახდა, მათ შორის მაშინ, როდესაც ორსულად იყო.

  • დოროყაშვილმა ფიზიკური ძალადობის არაერთ შემთხვევაზეც ისაუბრა, პროკურატურამ კი ვიდეო წარადგინა;
  • პროცესზე მან ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის მხრიდან ბავშვზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც გაიხსენა.

არქივიდან: ნიკოლოზ ბასილაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.

  • 22 იანვარს TV პირველმა გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომელიც მათი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ნეკა დოროყაშვილს ეკუთვნის.
  • ჩანაწერებში ჩოგბურთელი დოროყაშვილს სოციალურ ქსელში პოსტის რეკლამირებისთვის ეკამათება და ეუბნება, რომ "ღირსება" არ გააჩნია, რაზეც დოროყაშვილი პასუხობს, რომ ამ ფულს დაუბრუნებს.
  • ჩანაწერებში ისმის კამათი შვილთან დაკავშირებით — ბასილაშვილი დოროყაშვილს ეუბნება: "შენ თვითონ გაზრდი და მოუარე".
  • ის ფაილების ნამდვილობას არ უარყოფს, თუმცა ამტკიცებს, რომ დიალოგი, სადაც მისი და ყოფილი ცოლის საუბარი ისმის,"სრული სახით ნაჩვენები" არ ყოფილა და "ნამდვილ შინაარსს არ ასახავდა".