სულ ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ Disney-ის გადაღებული ფილმი პატარა ქალთევზა მომავალ წელს გამოვა. კინოსურათში მთავარ როლს ჰალი ბეილი ასრულებს. კლასიკური ზღაპრის ადაპტაციაში არიელის როლზე ფერადკანიანი მსახიობის დამტკიცებამ ზოგიერთის უკმაყოფილებაც გამოიწვია. თუმცა, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ტრეილერში ბეილის დანახვამ ბავშვები, განსაკუთრებით კი ფერადკანიანი ბავშვები ძალიან გაახარა.

სოციალური ქსელები მშობლების გადაღებულმა ვიდეოებმა მოიცვა — როგორი აღფრთოვანებულები ჩანან მათი შვილები პატარა ქალთევზას ტრეილერით.

"დედიკო!", — ამბობს ერთ-ერთ ვიდეოში პატარა გოგო, — "ის ჩემნაირად ფერადკანიანია!".

ამ ვიდეოს გარდა, ტიკტოკზე კიდევ უამრავ ჩანაწერს შეხვდებით ჰეშტეგით #representationmatters ("რეპრეზენტაცია მნიშვნელოვანია"). გაფართოებული თვალებითა და ღიმილით ბავშვები საკუთარ თავს ფილმის მთავარ პერსონაჟთან აიგივებენ.

@freeda_es El casting de una actriz negra ha desatado cierta polémica, polémica que no hace más que subrayar lo importante que es ampliar la representación para que todos los niños puedan volver a verse y sentirse importantes. ¡Viva la representación positiva y lo más completa posible de la diversidad del mundo! #Freeda #LaSirenita #Disney #BLM #RepresentationMatters #InfanciaRacializada ♬ original sound - Freeda

ეს ვიდეოები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რამდენად მნიშვნელოვანია მრავალფეროვნების ჩვენება საბავშვო ფილმებში, სერიალებსა თუ წიგნებში.

"გესმით მაინც, რას გრძნობენ ჩვენი შვილები, როცა საკუთარ თავს ხედავენ იმ ზღაპარში, რომელზეც უთხრეს, თქვენთვის არაა შექმნილიო?", — ამბობს ერთ-ერთი ვიდეოს აღწერაში მშობელი, — "რაც გინდათ ის თქვით და დაიჩივლეთ, მაგრამ მე არაფერი მესმის პატარა გოგოს მიერ საკუთარი თავის პერსონაჟთან გაიგივებით მოგვრილი სიხარულისა და აღტაცების გარდა".

ფილმის შესახებ ცნობებმა კრიტიკა ჯერ კიდევ მაშინ დაიმსახურა, როცა 2019 წელს მთავარი როლის შემსრულებლად ბეილი დასახელდა. არათეთრკანიანი მსახიობის არიელის როლზე დამტკიცებას რასისტული კომენტარები მოჰყვა.

ამის მიზეზი შეიძლება ის არის, რომ ანდერსენის ზღაპრის მიხედვით შექმნილ ანიმაციაში, რომელიც 1989 წელს გამოვიდა, არიელი თეთრკანიან, წითურთმიან პერსონაჟადაა წარმოჩენილი. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ დისნეის ახალი ფილმი დანიელი მეზღაპრის ორიგინალურ თხზულებას აცდენილია. თუმცა, ანდერსენის ზღაპრის ერთგული არც ანიმაცია ყოფილა, რადგან მასში დასასრული სულ სხვაგვარია...

ფოტო: Disney

აღსანიშნავია, რომ დისნეიმ პატარა ქალთევზაზე მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყო. ჰალიმ როლი 19 წლის ასაკში მიიღო, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო, გადაღებები რამდენჯერმე გადაიდო. ფილმის რეჟისორი რობ მარშალია, სცენარისტი კი — დევიდ მეგი. პატარა ქალთევზაში 1989 წლის ორიგინალი ანიმაციის სიმღერები იქნება გამოყენებული, მაგრამ მაყურებელი ახალ კომპოზიციებსაც მოისმენს.

მარშალი ამბობს, რომ მისი ფილმი ანიმაციის დაფასებაცაა, თუმცა, ამავდროულად, ისტორიას იგი ახლებურად აცოცხლებს.

საინტერესოა ისიც, რომ პატარა ქალთევზა ერთადერთი პროექტია არაა, რომელსაც ბოლო პერიოდში რასისტული გამოხმაურება მოჰყვა. მრავალფეროვანი სამსახიობო გუნდის გამო გააკრიტიკეს ბეჭდების მბრძანებლის ახალი სერიალიც და ნეტფლიქსის The Sandman.

რაც შეეხება დისნეის უკვე კლასიკად ქცეულ ანიმაციებს, კრიტიკოსებს არაერთხელ უსაუბრიათ, რომ ბევრი მათგანი პრობლემურია, ცნობილი პრინცესები კი სტერეოტიპულ ჩარჩოებში არიან მოქცეულები.