როგორც ფორმულასთან საუბარში სობჩაკი ამბობს, საქართველოში პირადი ვიზიტით ჩამოვიდა და თბილისი "უყვარს". მისივე თქმით, საზღვარზე არანაირი პრობლემა არ შექმნია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სობჩაკი რუსეთში ოპოზიციონერ ჟურნალისტად და აქტივისტად პოზიციონირებს, თუმცა ხშირად მას "ვითომ ოპოზიციონერს" და "პუტინის ნათლულს" უწოდებენ.

  • აგვისტოს ომის შემდეგ სობჩაკი თბილისში ჩამოვიდა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა — ის პრეზიდენტის რეზიდენციაში პუტინის გამოსახულებიანი მაისურით მივიდა.
  • წლების წინ ის ყირიმს უკრაინის ტერიტორიად მოიხსენიებდა, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ღიად პოზიციონირებას ერიდება.

ვინ არის სობჩაკი: ის სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერის, ანატოლი სობჩაკის შვილია. წლებია მუშაობს ტელევიზიაში — თავიდან ე.წ. ყვითელი გადაცემების წამყვანობით დაიწყო, შემდეგ კი პოლიტიკურ თემებზე გადავიდა.

  • 2017 წელს განაცხადა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო მარათონში ერთვებოდა — მედიაში წერდნენ, რომ მანამდე ის პუტინს შეხვდა და თავისი კანდიდატურის წამოყენება შეუთანხმა, რასაც თავად უარყოფდა.
  • სობჩაკისგან განსხვავებით, მაშინ არჩევნებზე არ დაარეგისტრირეს პუტინის ყველაზე დიდი კრიტიკოსი და ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი — ის ამბობდა, რომ სობჩაკი მონაწილეობას იღებდა კრემლის ამაზრზენ თამაშში.
  • 2018 წელს სობჩაკმა სასამართლოში იჩივლა და გააპროტესტა პუტინის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირება.
  • უკრაინაში შეჭრის შემდეგ მან რუსეთი დატოვა, თუმცა ამტკიცებდა, რომ დროებით — ის ომს მხარს არ უჭერს, მაგრამ გადაცემებში რუსული კანონის შესაბამისად, ე.წ. სამხედრო ოპერაციას უწოდებს.
  • გარდა ამისა, სობჩაკი გამოეხმაურა პროპაგანდისტი დარია დუგინას მკვლელობას და განაცხადა, რომ შოკშია. მანვე აღნიშნა, რომ "ბავშვები არაფერ შუაში არიან".