შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სპეცოპერაცია დასრულებულია და ერთი პირია დაკავებული, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომ დაკავებული თავდამსხმელია. მოგვიანებით, საქართველოს ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ "ბოროტმოქმედი დაკავებულია".

რატომ არის მნიშვნელოვანი: შეიარაღებულ პირს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი.

  • ბანკიდან გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ ის მძევლებს მისი მოთხოვნების გაჟღერებას, ამბის გავრცელებას აიძულებდა — მან მძევლები დაახლოებით 11 საათის შემდეგ აიყვანა.

დეტალები: ადგილზე მყოფი მედიები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ტერიტორიაზე სროლის ხმა იყო.

  • მათივე ცნობით, რამდენიმე წუთის შემდეგ სამართალდამცავების ნაწილმა ტერიტორია დატოვა და შემოსაზღვრული ნაწილი გახსნა, თუმცა სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ შსს-მ ინფორმაცია მხოლოდ მოგვიანებით დაადასტურა;
  • ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.

თავდამსხმელი თავდაპირველად 2 მილიონ დოლარს ითხოვდა — მან მოგვიანებით მოთხოვნები შეცვალა. მისი ახალი მოთხოვნები მილიონ ნახევარი და ორი მძევლის დატოვება იყო.

  • ვიდეოში ისმოდა, სავარაუდოდ, მომლაპარაკებლის ხმა, რომელიც შეიარაღებულ პირს ეუბნებოდა, რომ ლარიდან დოლარში გადახურდავებას დრო სჭირდებოდა;
  • ასევე, კადრებში ჩანდა, რომ თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელ ნივთიერებაზე თავი მოხსნილი ჰქონდა და იმუქრებოდა, რომ სამართალდამცავების შესვლის შემთხვევაში ააფეთქებს.

შსს-მ დღის განმავლობაში ორი განცხადება გაავრცელა, თუმცა შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური შემთხვევის ადგილას მხოლოდ 5 საათის შემდეგ ჩავიდა.

  • ქართული ოცნებიდან პირველი მომხდარზე კომენტარი ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა და თქვა, რომ "ასეთი მოვლენები მთელ მსოფლიოში ხდება და მოხდა აქაც".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს:

  • მძევლად ხელში ჩაგდებას;
  • საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას;
    ტერორისტულ აქტს;
  • ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას.

არქივიდან: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბანკში შეიარაღებული შეჭრისა და ყაჩაღობის მცდელობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მათი ნაწილი საქართველოს ბანკში იყო.

  • ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ბადრი ესებუას უკავშირდება, რომელმაც ზუგდიდში მძევლები აიყვანა, რამდენიმე საათში კი მძევლებთან ერთად ბანკი დატოვა და გაიქცა.
  • შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ესებუა კი თანხასთან ერთად მიიმალა — როგორც შს მინისტრი ყოველ ჯერზე ამბობს, მას ეძებენ.