უკრაინამ მარიუპოლის რამდენიმე მცვლელი დაიბრუნა, მათ შორის, აზოვის პოლკის წევრებიც არიან. უკრაინული წყაროების ინფორმაციით, პროცესი ჩერნიგოვის ოლქში მიმდინარეობდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მარიუპოლში და კონკრეტულად აზოვსტალში მძიმე ბრძოლები არაერთი კვირა გრძელდებოდა. იზოლაციაში მყოფი სამხედროები იქამდე ეწინააღმდეგებოდნენ მტერს, სანამ პრეზიდენტისგან სიცოცხლის გადარჩენის ბრძანება არ მიიღეს.

  • ტერიტორიის დატოვების შემდეგ, სამხედროები რუსებმა ტყვედ აიყვანეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ციხეში ჩასვეს.
  • აზოვსტალის მცველების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები თავიდანვე მიმდინარეობდა, თუმცა რუსეთში ტრიბუნალისთვის გადაცემას და სიკვდილის დასჯას განიხილავდნენ.

დეტალები: უკრაინული მედიების ინფორმაციით, სულ 215 სამხედრო გაათავისუფლეს. მათ შორის 108 აზოვის პოლკის მებრძოლია.

  • როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, 200 მებრძოლი უკრაინაში დაკავებულ რადას პრორუს დეპუტატსა და ბიზნესმენ, ვიქტორ მედვედჩუკში გაცვალეს, რომელმაც უკვე გამოძიებას ყველა საჭირო ჩვენება მისცა.
  • ხოლო აზოვსტალის 5 გმირი მეთაური 55 რუს ტყვეში, რომელიც უკრაინისთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს.

სახლში დაბრუნდნენ აზოვსტალში მყოფი სხვადასხვა დანაყოფის მეთაურები: დენის პროკოპენკო, სერჰი ვოლინსკი და სვიატოსლავ პალამარი.

  • აზოვსტალელი მედიკოსი, კატერინა პოლიშუკი, იგივე "პტაშკა".
  • მიხაილო დიანოვი, რომლის ფოტო მარიუპოლის მცველების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.
  • მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი, მიხაილ ვერშინინიც.
  • თავისუფალია აზოვსტალელი ფოტოგრაფი დმიტრი კოზაცკიც — სწორედ მისი კადრებით გაიგო მსოფლიომ, რა ხდებოდა ქარხანაში.