მსოფლიოს ყველაზე განხილვად თემებს შორის რომ სპორტი და პოლიტიკა ლიდერობს, საზოგადოება, მეტწილად, უკვე შეგუებულია. რასაც ვერ ვეგუებით და ყველაზე ხშირად ვკამათობთ, ამ ორი სფეროს ერთმანეთთან გადაკვეთის ან განცალკევების მცდელობაა.

შესაძლოა, ვერ ვთანხმდებით, არის თუ არა სპორტი პოლიტიკისგან დაცლილი, თუმცა ის ნამდვილად ვიცით, რომ ქართული ოცნება სპორტისგან დაცლილი არ არის. მეტიც, სავსეა — ჩვენი არაერთი მერი, დეპუტატი თუ სხვადასხვა თანამდებობის პირი ყოფილი სპორტსმენია. ამის ფონზე მმართველი გუნდის წევრები გვიმტკიცებენ, რომ სპორტი პოლიტიკისგან უნდა გავმიჯნოთ.

"მე მიმაჩნია, რომ სპორტი უნდა გავმიჯნოთ ყოველგვარი პოლიტიკისგან. არავის არ უნდა მივცეთ საშუალება რაიმე გარკვეული ინტრიგა, პროვოკაცია, ავანტიურა შეიტანოს სპორტში", — გვითხრა პრემიერმინისტრმა 27 თებერვალს, როცა რუსეთ-საქართველოს მატჩზე დაგეგმილ უკრაინის მხარდამჭერ აქტივობებზე ჰკითხეს.

და მაინც...

ეს სფეროები ერთმანეთთან ყოველ ჯერზე იკვეთება და ძალიან ხშირად თავად სპორტსმენები აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. ყველას გვახსოვს 2018 წელი, როცა საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატის "პატივსაცემად" მისი გამოსახულებით და რუსეთის დროშის პრინტით მაისური ჩაიცვეს.

მაშინ ქართული ოცნების დეპუტატმა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ხაბარელმა ეს "არასასიამოვნო ფაქტად" შეაფასა, თუმცა ირწმუნებოდა, რომ მოჭიდავეების მხრიდან მიზანმიმართული ქმედება არ ყოფილა — მან მომხდარს "პატარა, უყურადღებო ინციდენტი" უწოდა.

ამაში პრობლემას ვერ ხედავდა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძეც, რომელმაც თქვა, რომ მოჭიდავეებს "მეგობრისა და კოლეგის" გამოსახულებიანი მაისურები ეცვათ.

ეს "მეგობარი და კოლეგა" 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დროს პეკინში რუსეთის ინტერესებს წარადგენდა — 10 წლის შემდეგ, ამ დღეს კი ინსტაგრამზე ცხინვალში "ქართული სამხედრო აგრესიის" შედეგად დაწყებული ომი გაიხსენა.

რაღა შორს წავიდეთ

2022 წლის 6 სექტემბერი გავიხსენოთ, როცა საშემოდგომო სესია ამჟამად ყველაზე განხილვადი ქართველის, ხვიჩა კვარაცხელიას საკითხით გახსნეს და პოლიტიკური განცხადებებისთვის განკუთვნილი დრო იმის მტკიცებაში გალიეს, ვის უფრო უხარია ნაპოლის ფეხბურთელის წარმატება.

ბოლო 10 წელია ყველა საკითხის "ნაცობასა და ქოცობასთან" დაკავშირება ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ჩვეულებად ექცა, ამიტომ ახლა, როცა მთელი ინტერნეტ სივრცე კვარაცხელიას გოლებმა, საგოლე პასებმა თუ პენალტებმა წალეკა, პოლიტიკოსებისთვის ახალი დღის წესრიგი შეიქმნა. აქ მმართველი გუნდის წევრებს, ცოტა არ იყოს, გადაავიწყდათ, რომ პოლიტიკასა და სპორტის გამიჯვნის გულმხურვალე ქომაგები იყვნენ და იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ ოპოზიციას ქართველი სპორტსმენების წარმატება არ უხარია.

"ნაციონალებმა სპორტის სახეობა არ დატოვეს, რომ ყველაზე წარმატებულ სპორტსმენებს არ დაჰპირისპირებოდნენ", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან — ენმ-ის დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა ქართული ოცნების თავმჯდომარეს "შეუმდგარი" უწოდა და აღნიშნა, რომ არ უკვირს, წარმატებული ადამიანების უკან ამოფარებას რომ ცდილობს. გახარიას პარტიის წევრმა, ალექსანდრე მოწერელიამ კი განაცხადა, რომ კვარაცხელიას ხსენება მისი მეშვეობით ქულების დაწერას ემსახურება, რაც ამორალურად შეაფასა.

კობახიძემ თქვა ისიც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს "ორგანულად აღიზიანებთ და აშფოთებთ ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს". სამაგიეროდ, აქ ალბათ, იმას გაიხსენებდა, რომ ქართველი სპორტსმენების ყოველი წარმატების შემდეგ, იქვე იყო ქართული ოცნება.

აი, მაგალითად, პრემიერმა ფეისბუქზე რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ეს ფოტო წარწერით: "ჩვენი საამაყო ხვიჩა კვარაცხელია!"

ფოტო: ირაკლი ღარიბაშვილი / FB

კიდევ რამდენიმე მაგალითი:

"მაგარი კაცი ხარ ძმაო, გილოცავ, გილოცავ. იცოცხლე ძმაო", — ამ სიტყვებით მიულოცა 2021 წლის 4 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი კობახიძესთან, მამუკა მდინარაძესთან, არჩილ თალაკვაძესა და კახა კუჭავასთან ერთად ლაშა ტალახაძეს მორიგი ჩემპიონობა.

ამის ამსახველმა ვიდეომ ინტერნეტი ვირუსულად მოიარა. სანამ პოზიცია და ოპოზიცია მსჯელობდა, ეს პიარისთვის გააკეთეს თუ არა; სანამ ნაწილი ამტკიცებდა, რომ ქვეყნის წარმატებით გახარებას არავის დაეწუნება, იქვე ფოტოებიც წამოგვეწია, სადაც ჩანდა, რა ემოციები ჰქონდათ მმართველი გუნდის ლიდერებს.

ფოტო: საქართველოს მთავრობა

მთავრობამ 300-დან 399 დოლარამდე დახარჯა იმ ვიდეოს დაბუსტვაში, რომელშიც პრემიერი სპორტსმენს ურეკავს და ეუბნება, რომ მაგარი კაცია. ტალახაძის გამარჯვების მისალოც 2 პოსტზე კი — ჯერ 100-მდე, შემდეგ კი — 200-დან 299 დოლარამდე.

მალევე, 2021 წლის 7 აგვისტოს პრემიერმინისტრი სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა, იმ დროს ყველაზე განხილვადი ქართველი სპორტსმენის, ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის დახვედრის ცერემონიას დაესწრო და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა.

22 აგვისტოს მის პატივსაცემად გუდამაყარში ღონისძიება მოეწყო, სადაც მას სხვა საჩუქრებიც გადასცეს — 500 კვ. მეტრი მიწა, ყაბარდოული ჯიშის კვიცი და ნაბადი, ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს კი ლაშა ბექაურის სახელი დაერქმევა.

"მე პირადად ვესაუბრე მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ შოთა მირიანაშვილს, ვესაუბრე დუშეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს ბაბუა ალუდაურს, სადაც მივაღწიეთ შეთანხმება, რომ ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს დაერქმევა ლაშა ბექაურის სახელი", — განაცხადა გუდამაყრის გამგებელმა, მალხაზ წიკლაურმა.

მოგვიანებით იყო ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელიც პირდაპირ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართეს — 29 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩოგბურთელმა კახა კალაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება გახდებოდა ცნობილი, ოჯახში ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენის წარმატებებს პრემიერმინისტრი ოფიციალურ გვერდზე არეკლამებდა — მთავრობის ფულით.

ბარემ ისიც გავიხსენოთ, რომ ქართული ოცნება სპორტს პოლიტიკაში იყენებდა მაშინაც, როცა სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდა. ზურაბიშვილის მხარდამჭერ ერთ-ერთ სარეკლამო კლიპში ლაშა ტალახაძე ჩანდა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ მაშინ ზურაბიშვილის მხარდამჭერ კლიპებსა და პოსტერებზე ბევრი ვინმე ჩანდა — მომღერლები, პოლიტიკოსები, მსახიობები, კანდიდატი კი იშვიათად.

ფოტო: კადრი ვიდეოდან

სპორტიდან "გამიჯნული" ყოფილი სპორტსმენები პოლიტიკაში

ქართული ოცნების დეპუტატების რიგებში სხვადასხვა სფეროს ბევრ წარმომადგენელს შეხვდებით, თუმცა სპორტსმენები ლიდერები არიან. მართალია, სპორტიდან წამოსული დეპუტატები საზოგადოებას თავს საკანონმდებლო ორგანოში აქტიურობით არ ამახსოვრებენ, თუმცა რამდენიმე საინტერესო განცხადება ნამდვილად ჰქონდათ.

2020 წელს ქართულმა ოცნებამ პროპორციული სიის ოცეულში ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე და ყოფილი მორაგბე, დავით კაჭარავა წარადგინა. მამუკა მდინარაძემ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს იმ დღესვე კითხვით უპასუხა — "სპორტსმენები არ არიან კარგი პარლამენტარები?". გვარწმუნებდა იმასაც, რომ ორივე დეპუტატი სპორტული მიმართულებით "ძალიან ბევრის" გაკეთებას აპირებდა პარლამენტში.

მოგვიანებით დეპუტატი კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს. რაგბის კავშირის ინფორმაციით, პოსტზე დავით კაჭარავას კანდიდატურა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ წარადგინა.

ამას კალათბურთის ფედერაციის არჩევნები მოჰყვა, რის შემდეგაც დეპუტატი სანიკიძე, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო, ფედერაციის პრეზიდენტი გახდა — კალათბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა კანდიდატურა სწორედ მის სასარგებლოდ მოხსნა.

კანდიდატურის მოხსნამდე გურასპაული და სანიკიძე მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრნენ. შეხვედრა 7 დეკემბერს გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ FIBA-ევროპის ბორდის წარმომადგენელი და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი. შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა კალათბურთის განვითარებისთვის 100 მილიონ ლარს გამოყოფს.

მე-10 მოწვევის პარლამენტში მმართველი გუნდის წარმომადგენელია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილიც. 2020 წელს Silk Universal-ის ეთერში წამყვანმა მას დაუსვა კითხვა, იყო თუ არა "ორ ფრონტზე ბრძოლა" [ფეხბურთი და პოლიტიკა] იმის წინაპირობა, რომ რომელიმე სფეროს რამე "დააკლო". კობიაშვილმა თქვა, რომ ის "ფეხბურთს არ აკლია" და თუ ვინმე ეტყვის, თუ რატომ აკლია ფეხბურთს მისი აქტიურობა, კრიტიკას მიიღებს:

"რა ნაწილში ვაკლივარ ფეხბურთს, სად არ ვარ? სად აკლია ჩემი თავი ფეხბურთს? რა ნაწილში? რას ვერ ვაკეთებ, რომ პარლამენტის წევრობა კონკრეტულ რაიონში ხელს მიშლის?".

ქართული ოცნება დატოვა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაშია ყოფილი ფეხბურთელი, მიხეილ ყაველაშვილიც. მან ბოლო დროს თავი ანტიდასავლური ოთხეულის წევრობით და იმ ბრალდებების გაჟღერებით დაგვამახსოვრა, რომელიც რუსული პროპაგანდის ელემენტებს შეიცავს.

2017 წლიდან თბილისის მერია მილანის ყოფილი ფეხბურთელი და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, კახა კალაძეც. ის აქტიურ პოლიტიკას ქართული ოცნების სახელით 2012 წლის შემდეგ აწარმოებს — 2012-2017 წლებში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი იყო.

მისი გუნდის წევრების მსგავსად, თბილისის მერიც ფიქრობს, რომ "სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არაა და რა თქმა უნდა, გამიჯნული უნდა იყოს". კალაძის კომენტარი გვახსოვს 2021 წელს რუსთაველის თეატრის მოსკოვში გასტროლებზე წასვლასთან დაკავშირებითაც, როცა თქვა, რომ კულტურის, პოლიტიკისა და სპორტი ერთმანეთში არევა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს:

"პოლიტიკა დავტოვოთ პოლიტიკის ნაწილში და სხვა დარგებმა მოახდინონ თავიანთი განვითარება. ჩემი პოზიციაა — მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი აქვთ ოკუპირებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური განვითარებით და ა.შ".

თუმცა მერი იყენებს პოლიტიკაში თავის სპორტულ კარიერას, თუნდაც მაშინ, როცა თბილისში საფეხბურთო მოედნების გახსნისას, თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენს, ან წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპონენტებს დასცინის იმის გამო, რაც მოედანზე მას გაცილებით უკეთ გამოსდის.

შეგვიძლია გავიხსენოთ 2017 წელს ბორჯომის ტყის აღსადგენად გამართული საქველმოქმედო მატჩი, რომელზეც ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავებმა და თბილისის მერობის მაშინდელმა კანდიდატმა, კალაძემ ითამაშეს. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნდათ, რომ კანდიდატის თამაშში მონაწილეობა რამდენიმე მიზეზის გამო კანონდარღვევის ელემენტებს შეიცავდა. თავად კანდიდატი კი მატჩის პირადი საარჩევნო მიზნებისთვის ორგანიზებას უარყოფდა. თუმცა მილანის ფეხბურთელმა და კალაძის ყოფილმა თანაგუნდელმა პირდაპირ გვითხრა, რომ საქართველოში კალაძისთვის ჩამოვიდნენ.

თბილისის მერთან ერთად არ დაგვავიწყდეს გორის მერიც, რომელიც მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილია. საარჩევნო პროგრამის წარდგენის დროს და შემდეგაც სპორტსმენმა თავი არაერთხელ დაგვამახსოვრა.

თუ ყველას გავიხსენებთ, მოგონებები საკმაოდ შორს წაგვიყვანს, რადგან სხვადასხვა დროს ქართულ ოცნებაში ასევე იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, მოჭიდავე, ლუკა კურტანიძე, მორაგბე, ირაკლი აბუსერიძე და არაერთი სხვა.