ამაზე ჟურნალისტი თელარა გელანტია ფეისბუქგვერდზე წერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გელანტია მთავრობის სხდომაზე არც 12 სექტემბერს შეუშვეს.

  • როგორც ჟურნალისტი აღნიშნავდა, პრესსამსახურის თანამშრომელმა, ნინო ცხადაძემ განუმარტა, რომ "ის წესებს არღვევს, ბევრ კითხვას სვამს და სხვა კოლეგებს აწუხებს".

დეტალები: გელანტიას თქმით, მთავრობის ადმინისტრაციისგან პირობა მიიღო 12 სექტემბერს, რომ შემდეგ ჯერზე მთავრობის სხდომაზე დაუშვებდნენ, თუმცა დღეს დაურეკეს MG-ის დირექტორს და უთხრეს, რომ სხვა ნებისმიერი ჟურნალისტი მისულიყო ამ მედიიდან.

  • "მიზეზი რომ იკითხა თამუნა ქემერტელიძემ — აი, ისეთი ამბავი მოჰყვა იმ ფაქტსო - იყო პასუხი".
  • ჟურნალისტის განცხადებით, 12 სექტემბერსვე მოითხოვეს ოფიციალურად მიზეზი, თუ რატომ არ დაუშვეს მთავრობის სხდომაზე, თუმცა კანცელარიამ წერილი არ ჩაიბარა.

ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაუსვეს კითხვა, თუ რატომ არ უშვებენ ჟურნალისტს, რომელსაც შეუძლია კრიტიკული კითხვების დასმა და მომდევნო სხდომაზე სხვა ჟურნალისტებსაც ხომ არ შეექმნებათ მსგავსი პრობლემა;

  • ამაზე ხუციშვილმა თქვა, რომ ეკონომიკურ გუნდთან დაკავშირებით არ არსებობს საკითხი, რაც შეიძლება იყოს კითხვა და პასუხი არ არსებობდეს.
  • "ბუნებრივია, არ არსებობს კითხვა, რომლითაც შეიძლება ფინანსთა სამინისტროს მიმართოთ თქვენ და ამ შეკითხვაზე პასუხი არ მიიღოთ", — თქვა მან.

აქრივიდან: ჟურნალისტური ეთიკის საბჭო მომხდარს მაშინვე გამოეხმაურა და თქვა, რომ საჯარო უწყების მხრიდან მსგავსი ქმედება დაუშვებელია და ამძიმებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს.

  • ქარტია მთავრობას მოუწოდა, არ ჩააყენონ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები და შეუქმნან სათანადო სამუშაო პირობები.