საქართველო-რუსეთი საზღვართან ისევ კილომეტრიანი რიგებია — მობილიზაციას გამოქცეული რუსები საქართველოში გადმოსვლას ცდილობენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო-ვიდეოები, რომლებზეც ჩანს, რომ რუსეთის მხრიდან, ლარსის გამშვებ პუნქტთან რამდენიმე სამხედრო გამოჩნდა.

  • კადრების მიხედვით, საუბარია 10-მდე პირზე, რომლებიც 1 ჯავშანტრანსპორტიორით გადადგილდებიან.
  • რუსული მედიები თვითმხილველებზე დაყრდნობით წერენ, რომ ისინი გამშვებ პუნქტთან ე.წ. ბლოკ-პოსტს აწყობენ.
  • მანამდე გამოცემა The Insider იუწყებოდა, რომ საზღვართან შექმნილ საცობში მოქალაქეებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.
  • აქედან გამომდინარე გაჩნდა ვარაუდები, რომ მობილიზაზციის გამო სამხედროები საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვას აპირებენ, ან ადგილზე სიტუაცია უნდა გააკონტროლონ.

FSB-ს განცხადებით, ჯავშანტრანსპორტიორი საზღვარზე მივიდა წესრიგის დარღვევის თავიდან ასაცილებლად, იმ შემთხვევისთვის, თუ რიგში მდგომი რუსები საზღვრის გარღვევას გადაწყვეტდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა RBC ჩრდილოეთ ოსეთის FSB-ის სასაზღვრო წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • "ჯავშანტრანსპორტიორი იქ მოძრაობს, მაგრამ არ მოძრაობს ბლოკ-პოსტის მოსაწყობად. უხეშად რომ ვთქვათ, ეს რეზერვია გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტებს მოუნდებათ საგუშაგოს გარღვევა და ქვეყნის დატოვება სასაზღვრო ფორმალობების გაფორმების გარეშე", — განუცხადეს გამოცემას უწყებაში.
  • ისინი ამტკიცებენ, რომ არანაირი ბლოკ-პოლსტები არ იგეგმება, საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და სამხედრო ასაკის მოქალაქეების გასვლაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა.

საზღვრის კვეთა: დღეს შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, რომ მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

  • ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გაზრდილია ნაკადები როგორც სატვირთო მიმართულებით, ასევე ფიზიკური პირების მხრივ, რომლებიც კვეთენ საქართველოს საზღვარს.
  • "არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის საზღვრის კვეთასთან დაკაავშირებით, გაზრდილია როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობა, გაზრდილია ასევე, ქვეყნიდან გამსვლელების რაოდენობა და შესაბამისად, მკაცრად ხდება ამ საკითხების მონიტორინგი", — განაცხადა მან.
  • მინისტრს ჰკითხეს, რა პოლიტიკა აქვს ქვეყანას რუსეთიდან მოქალაქეების შემოშვებაზე და ხდება საფრთხის გათვალისწინება, თუ ყველას უშვებენ, რასაც მან ასე უპასუხა:
  • "ბუნებრივია, საბაჟო და სასაზრვრო კონტროლი ხორციელდება იმ წესების მიხედვით, რაც არის დადგენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ინფორმაციების შეგროვება ხდება გამშვებ პუნქტებზე, შესაბამისი ანალიზი ხორციელდება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ პირთან მიმართებაში".
  • ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე ორივე მიმართულებით საზღვარი 37,5 ათასმა მანქანამ და 115,2 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა.