მსახიობი ანა დე არმასი ენდრიუ დომინიკის ახალ ფილმ Blonde-ში ჰოლივუდის ლეგენდას, მერილინ მონროს, განასახიერებს. მისმა შესრულებამ კრიტიკოსების მოწონება უკვე დაიმსახურა, თუმცა არმასის განცხადებით, იცის, რომ ყველაზე მეტ ყურადღებას ფილმში მისი შიშველი სცენები მიიქცევს.

"ვიცი, ინტერნეტში რაც გავრცელდება ვირუსულად და ეს გულისამრევია," — აღნიშნა მსახიობმა Variety-სთან ინტერვიუში.

ფილმის პრემიერა ნეტფლიქსზე 28 სექტემბერს შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებელს კლიპების ამოჭრის, ფილმის კადრებისთვის ფოტოების გადაღებისა და მათი ონლაინ გავრცელების საშუალება ექნება. ამას ანა დე არმასი ფილმის გადაღებამდეც აცნობიერებდა, თუმცა შიშის მიუხედავად როლზე უარი არ თქვა.

ფოტო: Netflix

"გამაღიზიანებელია ამაზე ფიქრიც კი. მე ამის გაკონტროლება არ შემიძლია; შენ ვერ გააკონტროლებ, სხვა რას აკეთებს და როგორ კონტექსტიდან ამოვარდნილად იყენებს კონკრეტულ სცენებს. ამის გამო გადაწყვეტილებაში ეჭვი არ შემიტანია, თუმცა უსიამოვნო შეგრძნება მქონდა, როცა ამ კლიპების მომავალზე ვფიქრობდი."

დე არმასის შესრულებას ვენეციის კინოფესტივალზე მაყურებელი 14-წუთიანი აპლოდისმენტებითა და ფეხზე წამოდგომით შეხვდა.

"მე ამ ფილმში ისეთი რაღაცები გავაკეთე, რასაც სხვისთვის არასდროს გავაკეთებდი," — თქვა მსახიობმა. — "მე ეს მერილინისთვის გავაკეთე, მე ეს ენდრიუსთვის [ფილმის რეჟისორი] გავაკეთე."