იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან დელია ოუენსის პირველი რომანია. მსოფლიოს 50-მდე ენაზე თარგმნილი, ბესტსელერთა სხვადასხვა სიაში შესული წიგნი მკითხველმა ძალიან შეიყვარა. მთავარი გმირი, კაია კლარკი, ავტორის თქმით, ყველა ჩვენგანია. საზოგადოებისგან გარიყულობა, უცხოობა, რასობრივი და გარემოსდაცვითი თემები წიგნში ბუნებრივადაა გადმოცემული. რას ეხება სადებიუტო რომანი, როგორ შეიქმნა კაია კლარკის პერსონაჟი და როგორია მარტოობის პირადი გამოცდილება დელია ოუენსისთვის — ყოველივეს შესახებ თავად ავტორი გვესაუბრება.

რას ეხება თქვენი სადებიუტო რომანი, იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან?

იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან არის დეტექტივი, სიყვარულის ისტორია, სასამართლოს დრამა და უპირველეს ყოვლისა თვითმყოფადობის, გადარჩენისა და გარიყული ადამიანის ამბავი. ჩვენ სოციალური ცხოველები ვართ და ძლიერი გენეტიკური იმპულსი გვაქვს, გავაბათ მჭიდრო კავშირი ოჯახსა და მეგობრებთან.

მაგრამ რა ხდება, როდესაც ახალგაზრდა გოგო, რომანის მთავარი გმირი კაია, მარტო რჩება? რა თქმა უნდა, ის მარტოსული, დამფრთხალი, გაუბედავი და სოციალურად უცოდინარია. კაია უცნაურად იქცევა, ხალხს ხეებს ამოფარებული ემალება, სოფელს კი თავს არიდებს. უფრო და უფრო ღრმად შედის მარშში, ველურ ბუნებაში, ადამიანებისგან შორს და ამგვარად ცხოვრებისეულ გაკვეთილებს თავად ბუნებისგან სწავლობს. მეტიც, ამგვარი დამოუკიდებლობით შეძენილი თავდაჯერებულობის წყალობით ისეთ წარმატებას აღწევს, რომელზეც ადრე მხოლოდ უოცნებია.

რომანი განიხილავს, როგორ განსხვავებულად იქცევიან გარიყული ადამიანები და რა მხრივ უნდა შევიცვალოთ, თუ საზოგადოებამ განდეგილად გვაქცია. მარტო დარჩენილი ადამიანები ხშირად პრეისტორიულ ქცევებს უბრუნდებიან, იმ ქცევებს, რომლებიც ათასწლეულების წინ სავანაში გადარჩენაში გვეხმარებოდა, იმ ქცევებს, რომლებიც ველურ არსებებს ჯერაც ახასიათებთ იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან.

მოკლედ გვიამბეთ მთავარი პერსონაჟის, კაია კლარკის, შესახებ.

ათი წლის კაია ოჯახის გარეშე, მარტო რჩება, ადგილობრივებისგან გარიყულია და ისეთ წინაღობებს აწყდება, როგორიც დღესდღეობით ბევრი ჩვენგანისთვის წარმოუდგენელია. როგორ ახერხებს არამარტო გადარჩენას, არამედ სრულფასოვან ცხოვრებას?

კაია ჩვეულებრივი გოგოა, მაგრამ ამასთანავე გამორჩეულია. კაია ყველა ჩვენგანია. ისეთი პიროვნებაა, როგორიც საჭიროების შემთხვევაში ჩვენც უნდა გავხდეთ. მთელი გულით მჯერა მისი. მჯერა, რომ სიძნელეების პირისპირ წარმოუდგენლის გაკეთება შეგვიძლია გადასარჩენად.

ვცდილობდი, კაიას გადარჩენის ამბავი რეალისტურად დამეწერა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამბავი დამაჯერებლად იკითხებოდეს. ამიტომაა, რომ მა სახლში იქამდე გავაჩერე, სანამ კაია ათი წლის არ გახდებოდა. ამ ასაკში უკვე დამოუკიდებლად შეძლებდა საჭმლის შოვნას, შეშის შეგროვებას, სადილის მომზადებას და ნავით გასვლას მარშსა და ზღვაში. ცხადია, ამ დროს უკვე ოსტატურად შეეძლო დამალვა. მარტოდმარტო დარჩენილს თავისუფლად შეეძლო საკუთარი შესაძლებლობების წყალობით გადარჩენა.

როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, კაიაც გონიერი და ყოჩაღია. მარშის არსებებმა ისე გაიტაცეს, რათა ნიჟარებისა და ბუმბულების შეგროვება დაიწყო და გზადაგზა ბუნების გაკვეთილებიც ისწავლა. ვინაიდან აღარც ოჯახი ჰყავდა და არც მეგობრები, მისი ერთადერთი გასართობი გარშემო გადაშლილი საოცარი ველური ბუნების შესწავლა, შეგროვება და აღწერა იყო. ამ ყველაფრის წყალობით ნამდვილ ნატურალისტად იქცა და მრავალი გზამკვლევი გამოაქვეყნა. კაიას მიერ შეგროვებული მარშის კოლექციებით იქაურობის უნიკალურად სრული სურათი დაიხატა. ეს მისი და მარშის ნაყოფიერი ცხოვრების შედეგი იყო. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ კაია თავგადასავლების მოყვარული, გამჭრიახი და გამბედავიცაა, სიყვარულით სავსეა. როდესაც სხვებთან ყოფნის საშუალება ეძლევა, ამ დროს სხვა, მიმალულ თვისებებსაც ავლენს.

კაია მარტოობასა და იზოლაციაში იზრდება. თავადაც გიცხოვრიათ ცივილიზაციას მოწყვეტილ ადგილებში. ჰქონდა თუ არა აფრიკულ სავანაში ცხოვრების გამოცდილებას გავლენა კაიას პერსონაჟის შექმნაზე?

ზრდასრული ცხოვრების უდიდესი ნაწილი, დაახლოებით ოცდასამი წელიწადი, ნაწილობრივ ან სრულ იზოლაციაში დავყავი. ერთხელ, შვიდწლიანი პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ერთ ადამიანთან ერთად ვცხოვრობდი კალაჰარის უდაბნოში. იქაურობა დაახლოებით ირლანდიისხელაა და გარშემო არავინ ცხოვრობდა. (მომთაბარე ბუშმენები სამხრეთ ნაწილში მოგზაურობდნენ ხოლმე, მაგრამ ისე შორს იყვნენ, თვალიც არასდროს მოგვიკრავს.) ლუანგუაში საკუთარი ბანაკი მოვიწყე კაცობრიობისგან სრულიად მოწყვეტილ ადგილას, ჯამში ოცდასამი წელიწადი დავყავი ასე.

თქვენს შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ, დიახ, კაია ჩემი გამოცდილებების საფუძველზე შეიქმნა. ვიცი, რას ნიშნავს მარტოობა. ვიცი, რას ნიშნავს ბაბუინებსა და ყავისფერ აფთრებთან მეგობრობა მაშინ, როდესაც სხვა მეგობარი გარშემო არავინაა. ვიცი, რომ იზოლაციაში თავდაჯერებულობა იკლებს და არაადეკვატურობის ეჭვები იბადება. ვიცი, რას ნიშნავს ქალაქში ჩასვლისას ხალხისთვის თავის არიდება, იმიტომ, რომ მათი ნაწილი არა ხარ.

თუმცა, ისიც ვიცი, რომ თავდაჯერებულობა ცამდე აღწევს, როდესაც პუმას კვალის გაყოლას სწავლობ, ან ირმის გაფრთხილების ძახილს არჩევ. ველურ ბუნებაში რომ ცხოვრობ, თავსხმა წვიმაში კოცონის დანთება და სიბნელეში გზის გაგნება იმისკენ გიბიძგებს, რომ საკუთარი თავის იმედი გქონდეს. შეიძლება, სხვებთან ყოფნისას თავი მაინც მარტოდ და მოუხერხებლად იგრძნო, მაგრამ ხვდები, რომ იმაზე მეტი შეგიძლია, ვიდრე წარმოგედგინა.

კაიაც ასეთია: მარტოსული, ეჭვებით სავსე, ხალხთან მოუხერხებელი, მაგრამ ძლიერი, მარჯვე, ჭკვიანი და ძალიან გამბედავი. სწორედ მარტოობაში, ბუნებაში გამომუშავებული საკუთარი თავის იმედი აძლევს ძალას, კაცების სამყაროში წარმატებით გაიკვალოს გზა.

რომანი რასობრივსა და გარემოსდაცვით თემებსაც ეხება. რატომ იყო მნიშვნელოვანი, ეს საკითხებიც შეგეტანათ წიგნში?

ვფიქრობ, რთული იქნებოდა რასიზმის თემისგან თავის არიდება, როდესაც 1950-იან და 1960-იან წლებზე დაწერილ წიგნში ახალგაზრდა თეთრკანიან ქალს ასაკოვანი, აფრიკელ-ამერიკელი კაცი უმეგობრდება და ეხმარება. ასევე რთული იქნებოდა საფრთხის ქვეშ მყოფი ზღვისპირა მარშის შესახებ დაწერა და დედამიწისთვის მისი მნიშვნელობის დავიწყება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სოციალური ცნობიერების ასამაღლებლად ხელოვნება და ლიტერატურა საუკეთესო იარაღებია. ამასთან მჯერა, რომ რომანების წერა პირველ რიგში ამბების თხრობაა, და მიუხედავად იმისა, თუ რა იდეების გადმოცემა გვსურს, ამ იდეებმა თხრობას ხელი არ უნდა შეუშალოს. ძალიან ვეცადე, ამბავს თავად ეთქვა სათქმელი და ჩემი პირადი მოსაზრებები უკანა პლანზე დამეტოვებინა.

თქვენ ზოოლოგი და ცხოველების ქცევის სპეციალისტი ხართ. მარშის აღწერილობაში ირეკლება ის მოწიწება და პატივისცემა, რომელსაც ბუნების ყველაზე პატარა დეტალების მიმართაც იჩენთ. პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ბუნებასთან კავშირი?

ბუნება იყო და ყოველთვის იქნება ჩემი საუკეთესო მეგობარი. ბუნებას ხშირად ეცვლება ხასიათი და ტემპი, მაგრამ თავად ბუნება მუდმივია. ის ყოველთვის ჩემს გვერდითაა, რათა ვარდნა შემიმსუბუქოს, მომეხვიოს, მასწავლოს, მაპატიოს. ის ყოველთვის აქაა, მაშინ როცა სხვები მტოვებენ. ბუნება მაცინებს, მატირებს და ყველაფერს მასწავლის, რისი ცოდნაც მჭირდება. ის ლურჯი ცაც არის და წვიმაც, მთაცა და ხევიც, მყარი ლოდიც, რომელზეც ფეხით შედგები და ფაფუკი ხავსიც, რომელზეც დაწვები.

როგორც ჩემს სხვა წიგნში დავწერე, "ბუნება ბუნებით გამცემია". ყველაფერი, რაც კი გვჭირდება, მისგან მოდის, მაგრამ ჩვენ მას ცუდად ვეპყრობით, ვამშევთ და ვივიწყებთ. ბუნება მაშინაც იქნება აქ, როდესაც ჩვენ დიდი ხნის წასულები ვიქნებით და კვლავ მის ნაწილად ვიქცევით. იმედია, გავიხსენებთ იმას, რაც დაგვავიწყდა - ჩვენ ყოველთვის ბუნების ნაწილი ვართ.

კიბორჩხალები მართლა მღერიან?

მეცნიერულ, ტექნიკურ ენაზე რომ ვთქვათ, კიბორჩხალები არ მღერიან. ეს საკითხი თავადაც შევისწავლე. აღმოვაჩინე, რომ პირველ რიგში მარტო უნდა გახვიდე ველურ ბუნებაში და პატარა კარავი დასცე გზებისა და სოფლებისგან შორს. არა რაიმე პარკში, არამედ ჭეშმარიტად ველურ მიწაზე, სადაც სიცოცხლე ჩქეფს. სანამ მზე ჩასვლას დაიწყებდეს, ღრმად უნდა შეხვიდე ტყეში და ასე დაუცველი დადგე, სანამ გარშემო სიბნელე არ ჩამოწვება. როდესაც ფეხის თითებქვეშ დედამიწას იგრძნობ და შენიშნავ, გარშემო როგორ მოძრაობენ ხეები, ყური უნდა დაუგდო და პირობას გაძლევ, აუცილებლად გაიგონებ, როგორ მღერიან კიბორჩხალები.