ეს დღეც დადგა. თბილისის დროით 03:15, 27 სექტემბერი, 2022 წელი. დღეიდან დედამიწელებმა ვიცით, რომ ჩვენი ტექნოლოგიით შექმნილი პლანეტარული თავდაცვის სისტემა გვაქვს და ის მუშაობს.

ისტორიულმა მისიამ — NASA-ს "ორმაგი ასტეროიდის გადამისამართების ტესტმა" (DART) გვიჩვენა, რომ ჩვენი პლანეტარული თავდაცვის ტექნოლოგიები ეფექტიანია და მას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენთვის საშიში ასტეროიდი აგვარიდოს თავიდან.

24 000 კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრავი კოსმოსური ხომალდი თავის სამიზნე ასტეროიდის მთვარეს — დიმორფოსს თბილისის დროით 27 სექტემბერს შეეჯახა. აღნიშნულ ისტორიულ მომენტს, რომელიც დედამიწიდან 11 მილიონი კილომეტრის დაშორებით მიმდინარეობდა, პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს.

აღსანიშნავია, რომ დიმორფოსი, რომელსაც DART-მა ტრაექტორია შეუცვალა, დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. ეს დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ტესტირება იყო, რომელმაც ნასას საშუალება მისცა, შეეფასებინა, რამდენად შეგვიძლია არსებულ ტექნოლოგიებს დავეყრდნოთ საჭიროების შემთხვევაში, დედამიწისთვის საფრთხისშემცველი ასტეროიდის ასაცილებლად.

პირდაპირი ეთერის დაწყების შემდეგ ნასამ ის ფოტოები გვაჩვენა, რომელსაც კოსმოსური ხომალდი ციურ სხეულთან მიახლოების პროცესში იღებდა. ამ გზით, ფაქტობრივად, თვალს ვადევნებდით იმას, თუ როგორ უახლოვდებოდა ხომალდი დიმორფოსს.

ამ მომენტს ჩვენთან ერთად ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიც ადევნებდა "თვალს". თუმცა, რა თქმა უნდა, არა ინტერნეტით, არამედ თავისი ინსტრუმენტის — NIRCam-ის დახმარებით.

შეჯახებამდე 20 წამით ადრე, დიმორფოსის ახლო კადრს ვხედავდით.

შეჯახების შემდეგ კი, ბუნებრივია, ხარვეზიან გამოსახულებას ვიღებდით.

აღსანიშნავია, რომ DART-ის დიმორფოსთან შეჯახება უკვე ნიშნავს ასტეროიდის ტრაექტორიის შეცვლას, რადგან მეცნიერთა თქმით, ეს ფიზიკის ფუნდამენტური კანონებს, ენერგიისა და იმპულსის შენახვას უკავშირდება. თუ შეჯახების შედეგად, ასტეროიდ დიდიმოსის გარშემო დიმორფოსის ორბიტა არ შეიცვლება, ეს ნიუტონის მოძრაობის კანონის უარყოფას მოასწავებს, რაც, მეცნიერთა თქმით, შეუძლებელია.

170 მეტრის სიფართის და 5 მილიარდი კილოგრამი წონის დიმორფოსი ასტეროიდ დიდიმოსის გარშემო მოძრავი მთვარეა, მისი ორბიტა კი (რომლის დიდიმოსის გარშემო შესრულებისთვისაც მთვარეს 11 საათი და 55 წუთი სჭირდება) მცირედით შევცვალეთ. ქვემოთ მოცემულ ფოტოში ნახავთ ამ ცვლილების მასშტაბს.

ასტეროიდი, სახელად დიდიმოსი პირველად 1996 წლის 11 აპრილს, არიზონას უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში, ჯოზეფ მონტანიმ შენიშნა. 2003 წლის ნოემბერში ობიექტმა დედამიწას 7.2 მილიონი კილომეტრის სიშორეზე ჩაუარა, მომავალ წელს 5.7 მილიონი კილომეტრის დისტანციაზე მოგვიახლოვდება. ამის მიუხედავად, დიდიმოსი დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. კონტექსტის უკეთ აღსაქმელად უნდა ითქვას, რომ მთვარე დედამიწისგან 383 000 კილომეტრითაა დაშორებული.

NASA-ს მეცნიერთა თქმით, ასტეროიდის მთვარის ორბიტის ცვლილება არ წარმოქმნის არანაირ პოტენციურ საფრთხეს დედამიწისთვის. ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ასტრონომებისთვის არ არის ცნობილი არცერთი ასტეროიდი, რომელსაც მომავალი 100 წლის განმავლობაში დედამიწასთან შეჯახების შანსი აქვს. ჩვენ მიერ შექმნილი პლანეტარული თავდაცვის სისტემის გამოცდა თავის დაზღვევაა იმ შემთხვევისთვის, თუ დედამიწას ამ მხრივ საფრთხე დაემუქრება და ასევე, რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოცდისა და წარმოჩენის ძალიან ამაღელვებელი პრეცედენტი.