ინფორმაციას ამაზე რუსული პროპაგანდისტული მედია აქვეყნებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მას შემდეგ რაც პუტინმა რუსეთში სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, ისაუბრა "რეფერენდუმზეც, რომელიც მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის დაგეგმილი.

  • "რეფერენდუმი" უკვე რამდენჯერმე გადაიდო, მაშინ ოფიციალური მიზეზი არ იყო ცნობილი, თუმცა Meduza-ს წყაროებმა უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა დაუსახელეს.
  • ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა ბოლო ანგარიშში განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა კრემლს პანიკაში აგდებს — მათი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მარიონეტული ორგანოები მათ ხელმძღვანელობას მოუწოდებდნენ, რომ რეგიონებში სასწრაფოდ ჩაეტარებინათ ე.წ. რეფერენდუმები.

შედეგები: პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, წინასწარი შედეგებით ოკუპირებულ დონეცკში, ლუგანსკსა და ზაპოროჟიეში რუსეთთან შეერთების მომხრე 98% იყო, ხერსონში კი 97%.

საქართველო: პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველო კატეგორიულად გმობს მიუღებელ რეფერენდუმებს.

  • "ეს არის საერთაშორისო სამართლისა და უკრაინელი ხალხის ნების ცინიკური დარღვევა", — აცხადებს პრეზიდენტი

ფართო სურათი: NATO-მ 23 სექტემბერს განაცხადა, რომ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში რუსეთს რეფერენდუმის ჩატარებას ლეგიტიმაცია არ აქვს და ეს გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა.

  • განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ს სახელმწიფოები არ აღიარებენ უკრაინის ტერიტორიების არალეგალურ და უკანონო ანექსიას.