კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ რეფერენდუმებს მოჩვენებითი უწოდა და დაგმო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინაში "რეფერენდუმები" კრემლის მარიონეტულმა ძალებმა გუშინ ჩაატარეს.

  • პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, წინასწარი შედეგებით ოკუპირებულ დონეცკში, ლუგანსკსა და ზაპოროჟიეში რუსეთთან შეერთების მომხრე 98% იყო, ხერსონში კი 97%.

ტრუდოს თქმით, კანადა არასდროს აღიარებს მათ შედეგებსა და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობას.

  • "ვაპირებთ ახალი სანქციების დაწესებას იმ პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც თანამონაწილეები არიან სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპების შელახვის მცდელობებში და უკრაინაში მიმდინარე უაზრო სისხლისღვრაში".

კონტექსტი: მას შემდეგ რაც პუტინმა რუსეთში სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, ისაუბრა "რეფერენდუმზეც", რომელიც მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყო დაგეგმილი.

  • "რეფერენდუმი" უკვე რამდენჯერმე გადაიდო, მაშინ ოფიციალური მიზეზი არ იყო ცნობილი, თუმცა Meduza-ს წყაროებმა უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა დაუსახელეს.
  • ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა ბოლო ანგარიშში განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა კრემლს პანიკაში აგდებდა, რის გამოც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების მარიონეტულმა ორგანოებმა მათ ხელმძღვანელობას მოუწოდეს, რომ რეგიონებში სასწრაფოდ ჩაეტარებინათ ე.წ. რეფერენდუმები.