იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი დეოლიგარქიზაციის საკითხზე შეხვედრას მართავს. მანამდე კი კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგი გამართა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირმა საქართველოს მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, კანდიდატი ქვეყვის სტატუსი არ მიანიჭა. მისცა პერსპექტივა და 12 პუნქტიანი გეგმა.

  • ევროკომისიამ ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის გასცა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია. სამივე ქვეყანას მოუწოდა, აღმოფხვრან ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
  • მოლდოვისა და საქართველოს რეკომენდაციები ამ მიმართულებით იდენტურია, ხოლო უკრაინას დაევალა, უკვე მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად, სამართლებრივად გამართულად იმუშაოს ამ საკითხზე.

ოხანაშვილის განცხადებით, წარადგენენ უკრაინული მოდელის ზუსტ ანალოგს და მოისმენენ სამუშაო ჯგუფის წევრების მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს.

  • რის შემდეგაც კომიტეტი კანონპროექტის დაინიციირების საკითხზე იმსჯელებენ და შემდეგ გადაეგზავნება ვენეციის კომისიას.

  • მისივე განმარტებით, თუ უკრაინაში ამ სიაში შესაყვან პირებზე პრეზიდენტის ოფისი მუშაობს, საქართველოში, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკაში, ამ ფუნქციას პარლამენტი შეასრულებს.

კრიტერიუმები: კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ პირის ოლიგარქად განსაზღვრისათვის პროექტში ჩაიწერა ყველა ის კრიტერიუმი, რაც უკრაინულ კანონში, მათ შორის:

  • "საუბარია მედიაგავლენაზე; პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გავლენაზე; მონოპოლისტურ საქმიანობაზე; საუბარია კონკრეტული ოდენობის თანხაზე".
  • ოხანაშვილის თქმით, ამ ოთხი კრიტერიუმიდან 3 იქნება საკმარისი, რათა პირი მიიჩნიონ ოლიგარქად.

გარდა ამისა, ოხანაშვილმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და თქვა, რომ კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილზე "ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება".

  • "ის 3 კრიტერიუმი, რომელიც შემოთავაზებულია, ვერაფრით უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქთა სიაში".

რა წერია უკრაინულ კანონში: ოლიგარქიაზე დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგვიძლია 2021 წელს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით მიღებული ანტიოლიგარქიული კანონიდან. უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, ოლიგარქი არის პირი, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს რამდენიმე მახასიათებელს:

  • მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში;
  • აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მედიაზე;
  • არის საბოლოო მესაკუთრე ეკონომიკური სუბიექტისა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების დღიდან არის ბუნებრივი მონოპოლი ან ფლობს მონოპოლიურ (დომინანტურ) პოზიციას ბაზარზე "ეკონომიკური კონკურენციის დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად და ზედიზედ ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აძლიერებს ასეთ პოზიციას;
  • პირის და იმ ბიზნესსუბიექტების, რომელთა მოსარგებლეც ის არის, აქტივების ჯამური ღირებულება აჭარბებს შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილი საარსებო მინიმუმის მილიონზე ნამრავლს.